საფრანგეთი ქვეყანაში ჩასული პირებისთვის 14-დღიან სავალდებულო კარანტინს აწესებს

საფრანგეთი ქვეყანაში ჩასული პირებისთვის 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის დაწესებას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ახალი რეგულაცია სამშობლოში დაბრუნებულ საფრანგეთის მოქალაქეებსაც შეეხება.

„კარანტინი დაუწესდება ყველა პირს, რომელიც საფრანგეთის მიწაზე დაბრუნდება,“- განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივერ ვერანმა.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს იმოქმედებს აღნიშნული შეზღუდვა საფრანგეთში.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით საფრანგეთში კორონავირუსისგან 24 594 ადამიანი დაიღუპა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 24 მარტს დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 24 ივლისამდე უნდა გახანგრძლივდეს.