ამერიკულმა ჰოლდინგურმა კომპანიამ Berkshire Hathaway-მ, კორონავირუსის პანდემიის გამო ამერიკულ ავიაგადამზიდავ კომპანიებში საკუთარი წილი გაყიდა. ამის შესახებ ჰოლდინგის დამფუძნებელმა უორენ ბაფეტმა განაცხადა.
”ავიაკომპანიებისთვის, სამყარო შეიცვალა.” - განაცხადა მან CNBC-თან საუბრისას. ”და მე არ ვიცი როგორ შეიცვლება სიტუაცია, იმედი მაქვს, რომ მდგომარეობა სწრაფად გამოსწორდება.”
გაყიდული აქციების ღირებულება შეფასდა დაახლოებით 4 მილიარდ აშშ დოლარად, მათ შორისაა წილები United Airlines-ში, Delta Airlines-ში, American Airlines-სა და Southwest Airlines-ში.
Berkshire Hathaway-მ 2020 წლის პირველი კვარტლის კორპორატიული ანგარიშგება 2 მაისს წარადგინა. სამთვიანი პერიოდი, რომელიც 31 მარტს დასრულდა, ჰოლდინგმა 49,7 მილიარდი აშშ დოლარის წმინდა ზარალით დაასრულა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მისი მოგება შეფასდა 21,7 მილიარდ აშშ დოლარად. როგორც CNBC აღნიშნავს, Berkshire Hathaway-ს კვარტალი ან თუნდაც მთლიანი წელი არასდროს ასეთი დიდი ზარალით არ დაუსრულებია.
Bloomberg- ის უახლესი მონაცემებით, უორენ ბაფეტი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში მეხუთე ადგილზეა. მისი ქონება 72 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. Berkshire Hathaway ფლობს წილებს ათეულობით კომპანიაში. მათ შორისაა, წამყვანი ამერიკული ბანკები, ტექნიკის მწარმოებლები.