პრემიერი - ვიბრძვით ორ ფრონტზე და დროთა განმავლობაში, მეორე ფრონტის - ეკონომიკის აღდგენის საკითხი გადმოდის პირველ რიგებში

საქართველოს მთავრობა მუშაობის ჩვეულებრივ რეჟიმს უბრუნდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, თუ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს, როგორც მოქალაქეების, ასევე კომპანიების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი არ გახდა და არ შესრულდა, ეკონომიკის აღდგენაზე საუბარი გაჭირდება.

„დღეს ჩვენ ვუბრუნდებით მუშაობის ჩვეულებრივ სტილს, ჩვეულებრივ რეჟიმს, რაც მნიშვნელოვანია და რის საშუალებასაც ჩვენ გვაძლევს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში. თუმცა, მიუხედავად ამისა, თითოეულ ჩვენგანს უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ გამოწვევის მართვა. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ყოველ მთავრობის სხდომაზე ჩვენ მოგვიწევს დაწყება ეპიდემიასთან ბრძოლის ეფექტური ღონისძიებებით და შემდგომ უკვე გადავალთ სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვან თემაზე, როგორიცაა ეკონომიკა და ეკონომიკის აღორძინება. დღეს ყველას კარგად გვესმის, რომ ვიბრძვით ორ ფრონტზე და ისიც კარგად გვესმის, რომ დროთა განმავლობაში, ყოველდღიურად, სულ უფრო და უფრო, მეორე ფრონტის - ეკონომიკური აღორძინებისა და აღდგენის საკითხი გადმოდის პირველ რიგებში. ეს საკითხი ხდება სულ უფრო და უფრო აქტუალური, პრობლემური და მისი მოგვარება უკვე დროში აღარ უნდა გადაიდოს," - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ეკონომიკური გახსნის 6-ეტაპიანი გეგმის ნაწილი შესაძლოა, მთავრობამ დროზე ადრე დაიწყოს.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს, როგორც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, ასევე კომპანიების ყოველდღიური საქმიანობის წესებში ცვლილების შესახებ, თუ არ შესრულდა, ჩვენ ეკონომიკის აღდგენაზე გაგვიჭირდება საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ეკონომიკის გახსნის 6 - ეტაპიანი გეგმის ნაწილი, შეგვიძლია დროზე ადრე დავიწყოთ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ის შეღავათი, რომელიც ახლა იქნება დაშვებული, მუშაობს, ფუნქციონირებს და ეფექტური იქნება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ თითოეული კომპანია, თითოეული მოქალაქე პასუხისმგებლიანად მოეკიდება მის ყოველდღიურ ცხოვრებასაც და საქმიანობასაც. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ, ეკონომიკის გახსნაში, ეკონომიკის აღორძინებაში ეფექტურები და გავუძლოთ იმ გლობალურ კონკურენციას, რომელიც ჩვენ თვალწინ დაიწყო როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ასევე ევროპაში და გლობალურადაც," - განაცხადა გახარიამ.