საქართველოს ეკონომიკა რუსეთზე ძირითადად ტურიზმით, საგარეო ვაჭრობითა და ფულადი გზავნილებით არის დამოკიდებული, რაც ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს,- ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი.
მათივე ინფორმაციით, რუსეთზე განსაკუთრებით მაღალი და პრობლემური დამოკიდებულება ქართული ღვინის ექსპორტში, საქართველოში რუსულ ტურიზმსა და რუსული ხორბლის იმპორტში შეინიშნება. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ რუსულ ენერგორესურსებზე საქართველოს დამოკიდებულება ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა. ასევე, დაბალია საქართველოს რუსულ ინვესტიციებზე დამოკიდებულებაც.
„კოვიდ-19”-ის პანდემიის გამო, 2020 წლის მარტიდან საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება „ბუნებრივად“ მცირდება. პანდემიური პერიოდის გასვლის შემდეგ, საქართველოს უჩნდება შესაძლებლობა, სტრუქტურულად გარდაქმნას ეკონომიკა და ნაკლებდამოკიდებული გახდეს რუსეთზე. „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო საქართველოს ეკონომიკა გაცილებით მეტად იზარალებს, ვიდრე რუსეთს შეუძლია ეკონომიკური ზიანი მოგვაყენოს. ეს საქართველოს მოსახლეობას და ხელისუფლებას გარკვეულ გამოცდილებას შესძენს, რუსეთისგან მოსალოდნელი ეკონომიკური სანქციების მიმართ ნაკლებ მოწყვლადი იყოს და ერთგვარი იმუნიტეტი გამოიმუშაოს. აქედან გამომდინარე: პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველომ კიდევ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაზე, განსაკუთრებით ღვინის ექსპორტის მიმართულებით; პანდემიისგან მიყენებული ზარალის შესამცირებლად, ხელისუფლებამ გადაწყვიტა აქტიურად დაეხმაროს ბიზნეს სექტორს. აღნიშნული მიდგომის ფარგლებში, მაქსიმალურად უნდა შეეწყოს ხელი ხორბლის ადგილობრივ წარმოებას და ხორბლის იმპორტის დივერსიფიცირებას; წინა წლებისგან განსხვავებით, საზღვრების გახსნის შემდეგ, ტურისტების მოსაზიდად სამიზნე ბაზარი რუსეთი არ უნდა იყოს. მარკეტინგული ღონისძიებებისთვის გამოყოფილი რესურსები უფრო აქტიურად უნდა მიემართოს სხვა ქვეყნების, მათ შორის მაღალბიუჯეტიანი ტურისტების შემომყვანი ქვეყნებისაკენ; პანდემია აუცილებლად გამოიწვევს საქართველოს ეკონომიკის გარკვეულ გადაწყობას, რომლის ერთ-ერთი შედეგიც რუსეთზე ნაკლებდამოკიდებული ეკონომიკის მიღება უნდა იყოს,“- ნათქავამია „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ ანგარიშში.