შეიძლება საუბარი იყოს იმაზე, რატომ მიეცა ამა თუ იმ კომპანიას მუშაობის ნებართვა და რატომ არ მიეცა სხვას, თითოეულ თქვენგანს მინდა მოვუწოდო, რომ ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს შეკითხვები, აბსოლუტურად ღიად ყველა კითხვას გავცეთ პასუხი, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებს.
როგორც გახარიამ განაცხადა, დაცული უნდა იყოს საჯაროობის მაღალი პრინციპი.
„ყველას კარგად მოგვეხსენება და გვესმის, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვცხოვრობთ, ვმუშაობთ და ვმოქმედებთ ყოველდღიურად საგანგებო მდგომარეობის პირობებში.
ჩვენ უკვე აღარ ვართ ფორსმაჟორში, ჩვენ ვმართავთ, როგორც ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, ისე ახლა უკვე ვიწყებთ ეკონომიკის აღდგენის გეგმის განხორციელებას და თითოეულ თქვენგანს მინდა მოვუწოდო, რომ საზოგადოების ყველა კითხვას, რომელიც შეეხება საგანგებო მდგომარეობის პირობებში მიღებულ გადაწყვეტილებებს, გავცეთ პასუხი. შეიძლება საუბარი იყოს კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან მიმართებაში, ამ თუ იმ კომპანიას ნებართვა რატომ მიეცა და სხვას რატომ არ მიეცა, შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის შეკითხვა, მათ შორის რატომ ჩაიკეტა ის ქალაქი და რატომ არ ჩაიკეტა სხვა ქალაქი, ზოგ შემთხვევაში, რატომ მივიღეთ ჩვენი მოქლაქეებისათვის ერთი შეხედვით საკმაოდ მკაცრი შეზღუდვები - თითოეულ თქვენგანს მინდა მოვუწოდო, აბსოლუტურად ღიად ყველა ამ შეკითხვას, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, გავცეთ პასუხი.
ჩვენი წარმატების საფუძველი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, არის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის და გამოწვევის დაძლევა, ეკონომიკის ეფექტური, სწრაფი აღდგენა, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ უნდა დავიცვათ საჯაროობის ის მაღალი პრინციპი, რომლითაც ვხელმძღვანელობთ ჩვენი საქმიანობის ყოველდღიურ რეჟიმში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.