„კომპანიები, რომლებიც საშემოსავლო გადასახადზე შეღავათის სარგებლობისა და დასაქმებულების შესახებ არასწორ ინფორმაციას წარმოადგენენ, დაჯარიმდებიან"

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ კომპანიები მთავრობის მხრიდან საშემოსავლო გადასახადის კუთხით შეღავათის სარგებლობისთვის ან დასაქმებულებზე ჯამში 1200 ლარიანი დახმარების მიღებისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში დაჯარიმდებიან.

„იცით, რომ ერთი მხრივ, საშემოსავლო გადასახადზე გვექნება შეღავათი კომპანიებისთვის და მეორე მხრივ, 6 თვის განმავლობაში ჯამში 1200 ლარის დახმარება ოფიციალურად დასაქმებულებზე, ვინც ახლა ხელფასს ვერ იღებს. ორივე შემთხვევაში „საგადასახადო კოდექსში“ ვამატებთ ნორმას, რომლის მიხედვითაც სწორი ინფორმაციის წარდგენაზე ვალდებულება ეკისრებათ კომპანიებს და თუ ისინი არასწორად მოგვაწვდიან ინფორმაციას, შეღავათის ორმაგი ოდენობით დაჯარიმდებიან. ეს მიზნად ისახავს, რომ ავირიდოთ მცდარი მონაცემების მოწოდება და პასუხისმგებლობა გადანაწილდეს გადამხდელზეც“, - აღნიშნა მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.