საქართველოს კონკურენციის სააგენტო 2019 წლის ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოს კონკურენციის სააგენტო 2019 წლის ანგარიშს აქვეყნებს.დოკუმენტის მიხედვით, 2019 წელს საქონლის/მომსახურების ბაზრის 2 მოკვლევა მიმდინარეობდა, საიდანაც დასრულდა ერთი. ამასთან, 5 საჩივარზე სააგენტომ მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება; საანგარიშო პერიოდში, მიმდინარეობდა საქონლის/მომსახურების ბაზრის 8 მონიტორინგი. დასრულდა ერთი - სასტუმროების დაჯავშნის ონლაინ პლატფორმების ბაზრის მონიტორინგი. გასული წლის განმავლობაში, მოსალოდნელი კონცენტრაციის შეტყობინება უწყებაში შევიდა 4, რომელზეც გაიცა თანხმობა; ამასთან, 2019 წელს, ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ, შესაბამის ბაზარზე, კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით, სააგენტომ გასცა 1 რეკომენდაცია.

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე - 2020 წელს სააგენტოს წინაშე ორი მთავარი გამოწვევა დგას - არსებული კანონმდებლობის სრულყოფა, მისი ეფექტურობის გაზრდა და ეკონომიკური აგენტების მხრიდან ნდობის მაღალი ხარისხის მოპოვება. ამ გამოწვევებს მაღალი სტანდარტით მიღებული გადაწყვეტილებებით უნდა ვუპასუხოთ. 2019 წელს, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ მომზადდა რეკომენდაციები -„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული და სამომავლოდ სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის. ასევე, დღის წესრიგში დგას „მომხმარებლის უფლებების დაცვის“ და „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ კანონპროექტები, რაც სააგენტოს სტრუქტურის და ფუნქციონირების ახლებურ გააზრებას მოითხოვს“.

ანგარიშში წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით, მკითხველი გაეცნობა რა მთავარი გამოწვევების წინაშე დგას დღეს უწყება, როგორია სამომავლო განვითარების სტრატეგია და მთავარი პრიორიტეტები. ასევე, სააგენტოს უფლებამოსილებების, უწყებათაშორისი თანამშრომლობის, საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების მექანიზმების შესახებ ინფორმაციებს.

"რაც შეეხება 2020 წლის 4 თვის მონაცემებს – მიმდინარე 7 მონიტორინგიდან დასრულდა - 3: ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების, რითეილის და ჩვილ ბავშვთა კვების ბაზრების შესწავლა. ამ ეტაპისათვის, მიმდინარეა – ავტოდაზღვევის, პურ-პროდუქტების, საწვავის და ფარმაციის მონიტორინგები.

2020 წლის პირველ კვარტალში, დასრულდა 1 მოკვლევა და დადგინდა დონიმირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. პარალელურ რეჟიმში, დაწყებული იქნა მოკვლევა 2 საკითხზე და დაუშვებლად იქნა ცნობილი 2 საჩივარი. მიმდინარეობს ორი საჩივრის შესწავლა მოკვლევის დაწყების თაობაზე. კონკურენციის სააგენტოს მიერ სხვადასხვა დროს მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, ამ დროისათვის, მიმდინარეობს 10 სასამართლო საქმე სხვადასხვა ინსტაციებში. წლის პირველ კვარტალში სამუშაო შეხვედრები შედგა მედიის, სამეცნიერო წრეების, არასამთავრობო სექტორისა და დარგის ექსპერტებთან; დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. რეგიონულ დონეზე, კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების მიზნით, 2020 წლის 1 აპრილიდან, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენელმა დაიწყო საქმიანობა",-ნათქვამია ანგარიშში.