მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ ხვალიდან ავტონაწილებით ვაჭრობა დასაშვები არ იქნება

ხვალიდან ავტონაწილებით ვაჭრობა დასაშვები არ იქნება. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს.

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ავტონაწილებით ვაჭრობა მხოლოდ ონლაინ და ავტოტექმომსახურების გამწევ ადგილას იქნება დასაშვები, თუ ამ მასალის გაყიდვა ავტოტექმომსახურების გაწევის შემადგენელი ნაწილია.

რაც შეეხება ავტოტექმომსახურების დაშვებას, მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, დაშვება გულისხმობს მოტოციკლეტების, მოპედების და ველოსიპედების ტექმომსახურებასაც.

მათივე ინფორმაციით, ავტოტექმომსახურების ცენტრების და ავტოსამრეცხაოების მიერ სავალდებულოა, რომ დაცული იყოს შესაბამისი წესები - პირბადეები, სადეზინფექციო საშუალებები და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური გახსნის გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული საქმიანობების ნაწილი დასაშვები ხდება 5 მაისიდან. კერძოდ, ხვალიდან დასაშვებია:

ყველა სახის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, სამშენებლო მასალების წარმოება და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა; თუმცა, მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, სამშენებლო სამუშაოების ნაწილში შეზღუდვების მოხსნა სამშენებლო მასალის რეალიზაციას არ ეხება და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ ონლაინ.

ასევე, ხვალიდან დასაშვებია ავტოტექმომსახურება და ავტოსამრეცხაოების საქმიანობა;

ქუთაისში და ბათუმში შესვლა და გასვლა ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, თუმცა აღნიშნულ ქალაქებში კომენდანტის საათის მოქმედება ძალაში რჩება.