კონკურენციის სააგენტომ 2019 წელს კომპანიების მიერ დაგეგმილ ოთხ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. კონკურენციის სააგენტოს ცნობით, უწყების ანგარიშის მიხედვით, კომპანიების მოსალოდნელი კონცენტრაციის შესახებ, 2019 წელს, სხვა წლებთან შედარებით, ყველაზე მეტი შეტყობინება დაფიქსირდა.
მათივე ინფორმაციით, კონცენტრაციები, რომელზეც სააგენტომ თანხმობა გასცა შემდეგნაირად გამოიყურება: საქართველოს კაპიტალისა და მოტორსტარის 80% წილის შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაცია; საქართველოს კაპიტალის, ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის კონცენტრაცია, რაც გულისხმობდა სს „საქართველოს კაპიტალის“ მიერ შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ 70% წილის შეძენას; საქართველოს კაპიტალისა და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისის 80% წილის შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაცია და სს „საქართველოს კაპიტალის“ მიერ შპს „თბილისის მწვანე სკოლის“ 80% წილის შეძენაზე შესული შეტყობინება.
სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში აღნიშნულია, რომ ევროკომისიის პრაქტიკის გათვალისწინებით განისაზღვრა პროდუქციული, გეოგრაფიული ბაზრები და მახასიათებლების (HHI ინდექსის) მიხედვით დადგინდა, რომ ზემოთ ხსენებული სასაქონლო ბაზრები იყო დაბალკონცენტრირებული და აღნიშნული შერწყმები ბაზარზე სურათს მნიშვნელოვნად არ შეცვლიდა.
„დღეს არსებული კანონმდებლობის გათვალისწინებით, კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის პროცესში, სააგენტოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება ეკონომიკურ აგენტებს არ აქვთ. აღნიშნული საკანონმდებლო ცვილებების კანონპროექტი, დღეის მდგომარეობით, ინიცირებულია პარლამენტში, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს: საკითხის შესწავლის ვადების გაზრდას; სავალდებულო ხდება სააგენტოსათვის ინფორმაციის მიწოდება და მიუწოდებლობის შემთხვევაში ეკონომიკურ აგენტს ეკისრება 3000 ლარიანი ჯარიმა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.