გიორგი აბაშიშვილი - თუ შეფასებაა, რომ რისკები ნაკლებია, ცხადია, მეტ და მეტ ბიზნესს უნდა მიეცეს ამოქმედების შესაძლებლობა

თუ შეფასებაა, რომ რისკები ნაკლებია, ცხადია, მეტ და მეტ ბიზნესს უნდა მიეცეს ამოქმედების შესაძლებლობა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ GIPA-ს კანცლერმა, ბიზნეს კვლევების სახლის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა მთავრობის მხრიდან ეკონომიკის გახსნის კუთხით მიღებული გადაწყვეტილებების კომენტირებისას განუცხადა.

მისივე თქმით, ეკონომიკური საქმიანობის ეტაპობრივი აღდგენა ჯანდაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობიდან უნდა გამომდინარეობდეს და ამ მხრივ მთავრობა ორიენტირებული არ უნდა იყოს წინასწარ გაწერილ გეგმაზე.

„შესაძლოა, საჭირო იყო და აუცილებელიც გარკვეული მკაცრი ტიპის შეზღუდვები, მაგრამ იმავდროულად ყოველთვის მივმართავდი მთავრობას, რომ ნებისმიერი სფეროს მიმართულებით, სადაც შეიძლებოდა შეზღუდვების გამარტივება, თუნდაც ონლაინ ვაჭრობის აღდგენა, ძალიან სწრაფად უნდა მოეხსნა და არ უნდა გაჰყოლოდა მის მიერ დაანონსებულ გეგმას. ვთვლი, რომ ანტიკრიზისული გეგმა ვერ იქნებოდა ძალიან ზუსტი, რადგან ჩვენი ანტიკრიზისული გეგმა „ჯანდაცვის ეკონომიკაზეა“ დამოკიდებული, შესაბამისად ამ ანტიკრიზისულ გეგმაში მთავრობა უნდა იყოს მოქნილი და გადაწყვეტილებები რეალური სიტუაციიდან გამომდინარე მიიღოს. მიმაჩნია, კარგია, სადაც შევძლებთ სწრაფი აღდგენა დავიწყოთ, იმიტომ, რომ ეს თავიდან აგვაცილებს ზედმეტი სოციალური ხარჯის გაწევას ბიუჯეტიდან, ცხადია გახსნილი სფეროები ადამიანების დასაქმებას უზრუნველყოფენ. მეორე მხრივ, ბიზნესების მუშაობის სწრაფი დაწყება უზრუნველყოფს, რომ როდესაც ეკონომიკის აღდგენის ეტაპზე გადავალთ, ბიზნესი უფრო მზად იქნება“,-აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.

შეგახსენებთ, მთავრობამ 24 აპრილის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ეკონომიკის გახსნისა და შეზღუდვების შემსუბუქების 6 ეტაპიანი გეგმა წარადგინა. ამასთან, როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, 5 მაისიდან სამშენებლო სექტორში მომუშავე და ასევე, სამშენებლო მასალების მწარმოებელი ყველა კომპანია მუშაობას განაახლებს, ასევე ნებადართული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც.