"ინოვაციურ-ტექნოლოგიური მიმართულების კომპანიები დღგ-ს, საშემოსავლოსა  და მოგების გადასახადისგან უნდა გათავისუფლდნენ"

ინოვაციურ-ტექნოლოგიური მიმართულების კომპანიები უნდა გათავისუფლდნენ დღგ-ს, საშემოსავლოსა და მოგების გადასახადისგან,- ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა ლანა გალდავამ განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფომ უნდა მოახდინოს საგადასახადო პოლიტიკის კურსის რადიკალური ცვლილება იმ ეროვნული კომპანიების მიმართ, რომელთა საქმიანობის სფერო ციფრულ განვითარებასა და ახალი ინოვაციური პროექტების შემუშავებაზეა ორიენტირებული.

,,მთელი მსოფლიო და საქართველო დგას კოვიდ 19 პანდემიის თანმხლები მძიმე ეკონომიკური პრობლემების და ურთულესი გამოწვევების წინაშე. განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ მოექცა ეკონომიკა, რომლის წინსვლაც ტექნოლოგიური წინსვლის გარეშე წარმოუდგენელია, განსაკუთრებით კი ჩვენი მსგავსი პატარა ქვეყნისთვის. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით სახელმწიფოს გააჩნდეს სწორი ხედვა და შეეძლოს პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა”, - განაცხადა ლანა გალდავამ.

როგორც ის აღნიშნავს, „საქართველოს აქვს პოტენციალი მოგვევლინოს ინოვაციურ-ტექნოლოგიური მიმართულების კომპანიებისათვის “თავისუფალ ინდუსტრიულ ზონად“.

“მიმაჩნია, რომ ინოვაციურ-ტექნოლოგიური მიმართულების კომპანიები უნდა გათავისუფლდნენ დღგ-ს, საშემოსავლოსა და მოგების გადასახადისგან. მაგალითად: კომპანიები, რომლებიც მუშაობენ პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაზე, ვებაპლიკაციებზე, ხელოვნურ ინტელექტზე, ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე, სმარტ კონტრაქტებზე და ა.შ.ზემოაღნიშნული ცვლილება, პირველ რიგში, ხელს შეუწყობს ადგილობრივი კომპანიების ზრდას, რომლებიც მოახერხებენ მეტი თანხა გადაისროლონ თვითგანვითარებაში. ასევე, გაიზრდება მოთხოვნა პროფესიონალ კადრებზე და მოთხოვნიდან გამომდინარე, აიწევს განათლების ხარისხი. ქართული ეროვნული კომპანიები მიმზიდველი გახდება უცხოური ბაზრისთვის, რაც თავისთავად გაზრდის ჯანსაღ კონკურენციას, კონკურენცია კი ხარისხიან პროდუქტს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინოვაციური და ტექნოლოგიური მიმართულების კომპანიებს შეუძლიათ დიდი სარგებლის მოტანა ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის, განსაკუთრებით კი იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ამ პროფილის კომპანიების შემოსავლები მსოფლიო მასშტაბით დღითიდღე იზრდება. კომპანიის ზრდა და წარმატება კი პირდაპირ აისახება დასაქმებულ პირებსა და მათ ოჯახებზე, ფართო გაგებით კი ქვეყნის ეკონომიკაზე’’, - განაცხადა ლანა გალდავამ.

აღნიშნულ კომენტარს პარტია "ლელო საქართველოსთვის" ავრცელებს.