რუსთავში შესვლასა და გასვლაზე შეზღუდვების მოხსნა და ბლოკ-პოსტების გაუქმება, დამოკიდებულია ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში არსებულ ეპიდსიტუაციის შემდგომ განვითარებაზე, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ რუსთავიდან თბილისის მიმართულებით, მგზავრთა ნაკადი საკმაოდ დიდია, - ამის შესახებ რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მისივე განმარტებით, რუსთავი და თბილისი განსხვავდება ბათუმისა და ქუთაისისგან, სადაც ხვალიდან შეზღუდვები იხსნება.
,,პრემიერ-მინისტრმა დღეს გააკეთა განცხადება და კომენტარი ბათუმისა და ქუთაისის გახსნაზე. თბილისი და რუსთავი ცოტა განსხვავებულია ქუთაისისა და ბათუმისგან. იცით, რომ ქვემო ქართლის რიგ მუნიციპალიტეტებში ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული, რუსთავში ბლოკპოსტების მოხსნა და ქალაქის გახსნა, გარკვეულწილად მაინც დამოკიდებული იქნება მეზობელ მუნიციპალიტეტებში ეპიდსიტუაციის განვითარებაზე. ამასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ თბილისსა და რუსთავს შორის მგზავრთა ნაკადი საკმაოდ დიდია. ვფიქრობ, კვირის ბოლო არის ის დრო, როდესაც ბლოკპოსტების მოხსნის საკითხის განხილვა იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
ტაბაღუას განცხადებით, რუსთავში დღეს სტაბილური ეპიდსიტუაციაა.
,,ბოლო შემთხვევის ყველა ახლო კონტაქტზე ჩატარდა ლაბორატორიული კვლევა და უარყოფითი პასუხები მოვიდა. ინფიცირების წყაროს დადგენის მიზნით მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ეპიდსიტუაცია სტაბილურია, მაგრამ სტაბილურობა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, აღარ უნდა დავიცვათ ის რეგულაციები, რაც დაწესებულია“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ. რუსთავში დღეის მდგომარეობით, კორონავირუსით ინფიცირების 9 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 8 უკვე გამოჯანმრთელდა.