იულია ტიმოშენკო მილიონერი გახდა

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია "ბატკივშჩინას" ლიდერი იულია ტიმოშენკო მილიონერი გახდა. ტიმოშენკომ 5,5 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაცია იმ ზარალისთვის მიიღო, რომელიც მას პოლიტიკური დევნის გამო მიადგა.

იულია ტიმოშენკოს მიერ წარდგენილი დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, რომ მან თანხა აშშ-ში, სასამართლომდელი შეთანხმების სტადიაზე მიიღო. თანხების წყაროდ მითითებულია კომპანია Reid, Collins&Tsai LPP, რომელიც ტეხასშია რეგისტრირებული.

Reid Collins&Tsai LLP ამერიკული კომპანიაა, რომელიც 2009 წელს დაფუძნდა. კომპანიას აქვს ოფისები ნიუ იორკში, ოსტინში, დალასში და ვაშინგტონში. კომპანიის ვებ- გვერდზე აღნიშნულია, რომ ის ის მონაწილეობს რთულ სამართალწარმოებაში ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. კომპანია წარმოადგენს უცხო ქვეყნების, საერთაშორისო ბანკების, პირთა და კომპანიების ინტერესებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შეერთებულ შტატებსა და მის ფარგლებს გარეთ.

ცნობისათვის, იულია ტიმოშენკო 2011 წელს, ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის პერიოდში სცნეს დამნაშავედ. მას ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედებოდა. საქმე ეხებოდა 2009 წელს რუსეთთან გაზის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმებას. ტიმოშენკოს მაშინ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და დააკისრეს 1,5 მლნ გრივნის გადახდა "ნაფტოგაზისთვის". ციხიდან ტიმოშენკო მხოლოდ 2014 წელს, ევრომაიდნის მოვლენების და იანუკოვიჩის ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ გამოვიდა.