დღეიდან, 5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის გუშინდელ სხდომაზე განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.
მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე შეზღუდვები დარჩება თბილისსა და რუსთავში გადაადგილებაზე, თუმცა პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ამ ორ ქალაქთან დაკავშირებული საკითხიც კვირის ბოლომდე დადებითად გადაწყდება.
„რამდენიმე კვირის წინ მივიღეთ გადაწვეტილება, რომ ჩაგვეკეტა მსხვილი ქალაქები. 5 მაისიდან ისეთ ქალაქებში, როგორიც არის ბათუმი და ქუთაისი, ყველა სახის შეზღუდვები გადაადგილებებზე მოიხსნება. დარჩება გარკვეული შეზღუდვები თბილისსა და რუსთავზე, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან მომიჯნავე რაიონებში. თუმცა, თბილისშიც და რუსთავშიც ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე შესაბამისი გადაწყვეტილებები უახლოეს დღეებში იქნება მიღებული. ვფიქრობ, შესაძლებელია კვირის ბოლომდე თბილისისა და რუსთავის გახსნის საკითხიც დადებითად გადაწყდება“, - განაცხადა გუშინ გახარიამ.