დღეიდან, 5 მაისიდან, ავტოსარემონტო კომპანიებმა მუშაობა განაახლეს. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ გუშინ გამოაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის გუშინდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ლოგისტიკური ბიზნესისთვის, ასევე გადაზიდვებისთვის.
„მინდა გითხრათ, რომ 5 მაისიდან ნებადართული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობა. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ლოგისტიკური ბიზნესისთვის, ასევე გადაზიდვებისთვის და ესეც ის ნაბიჯია, რომლის განხორციელების და გადადგმის შესაძლებლობა დღეს გვაქვს,“ - განაცხადა პრემიერმა გუშინ.
აღსანიშნავია, რომ შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება არ გულისხმობს ავტონაწილებით ვაჭრობას, რომელიც დასაშვები ისევ არ იქნება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ავტონაწილებით ვაჭრობა მხოლოდ ონლაინ და ავტოტექმომსახურების გამწევ ადგილას იქნება დასაშვები, თუ ამ მასალის გაყიდვა ავტოტექმომსახურების გაწევის შემადგენელი ნაწილია.
რაც შეეხება ავტოტექმომსახურების დაშვებას, მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, დაშვება გულისხმობს მოტოციკლეტების, მოპედების და ველოსიპედების ტექმომსახურებასაც.