ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ (GGSB) ფარგლებში იულიხის კვლევით ცენტრთან (FZJ) თანამშრომლობაში ერთვება.
შესაბამის მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელემა, იულიხის კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ვოლფგანგ მარქუარდტმა და დირექტორმა ჰანს შტროერმა მოაწერეს.
მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (KIU) და იულიხის კვლევითი ცენტრის ინსტიტუტებს შორის სასწავლო-სამეცნიერო კავშირების დამყარება. გერმანული მხარიდან თანამშრომლობაში ჩაერთვებიან: ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტი (INM), ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტი (IKP), ბიო და გეომეცნიერებების ინსტიტუტი (IBG-2), ენერგეტიკისა და კლიმატის კვლევის ინსტიტუტი (IEK), ინჟინერიის, ელექტრონიკისა და ანალიზის ცენტრის თანამედროვე კვლევების ტექნოლოგიების ინსტიტუტი (ZEA-1) და ელექტრონული კვლევების ინსტიტუტი (ZEA-2).
თანამშრომლობის ფარგლებში უნივერსიტეტში დაგეგმილია სუპერკომპიუტინგის, მონაცემთა ანალიზისა და მანქანური სწავლების ჯგუფის შექმნა. KIU ადრონული თერაპიის ცენტრი თანამშრომლობაში ჩაერთვება ბიოსამედიცინო, გამოყენებითი და სამედიცინო-ტექნიკური კვლევების მიმართულებით.
KIU-FZJ ხელშეკრულების ფარგლებში უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ექნებათ შეასრულონ სტუდენტური პროექტები გერმანიის FZJ კვლევით ცენტრებში. გათვალისწინებულია საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ეტაპზე გაცვლითი პროგრამების, სემინარების, სეზონური სკოლების და ვორქშოფების ორგანიზება.