ხელოვნური ინტელექტის დანერგვა ქვეყნის სტრატეგიულ სექტორებში, ეროვნული გეგმის არსებობის საჭიროება და საერთაშორისო გამოცდილება, რომლის გათვალისწინებით საქართველოში შესაძლებელია აღნიშნული პროცესის დაწყება – ეს მცირე ნაწილია იმ საკთხებისა, რომელიც BTU AI-ს ინიციატივის ფარგლებში გამოქვეყნებულ კვლევის ანგარიშში არის განხილული.
კვლევა, რომელიც გაეროს ხელოვნური ინტელექტის და რობოტიქსის ცენტრის მხარდაჭერითა და ხელოვნური ინტელექტის ბიზნესასოციაციასთან AI Georgia თანამშრომლობით განხორციელდა, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ არაერთ აქტუალურ საკითხს ეხება.
ანგარიშის თანახმად, სტრატეგიის შემუშავებისთვის პირველ ეტაპზე საკანონმდებლო ბაზა და ეთიკის ნორმების მარეგულირებელი პროცედურის დაწყებაა საჭირო. საქართველოს შეუძლია გახდეს საერთაშორისო კოალიციის წევრი და სხვა ევროპულ ქვეყნებთან ერთად მოახდინოს სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება. ამ პროცესში, მაღალია AI კვლევითი ცენტრების როლი და იმ ორგანიზაციების ჩართულობა, რომელიც აღნიშნულ სექტორში ახორციელებს სხვადასხვა ინიციატივას. ხელოვნური ინტელექტის დანერგვა სხვადასხვა სექტორში, არა მხოლოდ გაზრდის მათ ეფექტიანობას, არამედ უზრუნველყოფს მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ფონზე, ტრანსფორმაციის პროცესში მყოფი ინდუსტრიების განვითარებას, კადრების გადამზადებას დასაქმების ახალი ბაზრებისთვის, ინკლუზიურ განათლებას და ეკონომიკას, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის სექტორების ციფრულ ტრანსფორმაციას. ეროვნული სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება შესაბამისი ფონდების გააქტიურებას, ინვესტირებას და პროცესების მართვას საჭიროებს, რაც დეტალურად არის წარმოდგენილ ანგარიშში განხილული.
საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე საუბრობს კვლევის ხელმძღვანელი მარი დგებუაძე.
„BTU-ს კვლევების ცენტრში შესრულებული კვლევა, ცხადყოფს ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის შემუშავების აუცილებლობას საქართველოში. ამ პროცესის ყოველდღიური შეყოვნება, განაპირობებს საქართველოს ჩამორჩენას იმ პროცესებისგან, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს. თუმცა აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სეგმენტებში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პროცესი დამატებით სეგმენტურ ინტეგრირებულ კვლევებს საჭიროებს. BTU-ს კვლევის ცენტრი სრულ მზადყოფნაში, რომ აღნიშნული კვლევები განვახორციელოთ, – აცხადებს მარი დგებუაძე.
,,BTU-AI სხვადასხვა სექტორში ფუნდამენტური, მაღალტექნოლოგიური ცვლილების ინიცირებისთვის შეიქმნა. ეს არის რეგიონის მასშტაბით პირველი საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა ინდუსტრიაში ინტეგრირებას უწყობს ხელს. აღნიშნულ ინიციატივას ემსახურება BTU-ს სივრცეში არსებული მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები, კვლევითი ცენტრი და სხვა რესურსები. მოხარული ვართ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, მასშტაბური კვლევა განხორციელდა და ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებისთვის საჭირო ეტაპები სწორედ BTU-ში შემუშავდა,’’ - აცხადებს BTU-AI-ს დამფუძნებელი და BTU-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მიხეილ ბატიაშვილი.
უნივერსიტეტი აცხადებს თანამშრომლობის მზაობას ყველა დაინტერესებულ მხარესთან, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან, იმისთვის რომ სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელება დაიწყოს.