რა ვალდებულებების დაცვა მოუწევთ მშენებლებს - დღეიდან მშენებლობები დასაშვები ხდება

დღეიდან, 5 მაისიდან სამშენებლო სექტორში მომუშავე და ასევე, სამშენებლო მასალების მწარმოებელი ყველა კომპანია მუშაობას განაახლებს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, 5 მაისიდან ნებადართული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც. პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანიების შემოწმებები გაგრძელდება.

კომპანიებს მოუწევთ შეასრულონ ის რეკომენდაციები და უსაფრთხოების წესები, რაც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს დადგენილი. უწყებას შემუშავებული აქვს რეკომენდაციები სამშენებლო სექტორისთვისაც, რომლის თანახმადაც, დასაქმებულთა ვალდებულებია:

ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას. შესაბამისად, აუცილებელია სამუშაო ადგილზე განახორციელეთ შემდეგი ღონისძიებები:

  • დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;
  • სამუშაო პროცესი განახორციელეთ დამსაქმებლის/შრომის უსაფრთხოების მენეჯერის მიერ განსაზღვრული საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შესაბამისად;
  • მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდოთ სხვებთან კონტაქტს (შეხებას და სხვა);
  • მოერიდეთ თავშეყრას, რეკომენდირებულია ერთ სამუშაო პლატფორმაზე არაუმეტეს 10 ადამიანის მუშაობა უსაფრთხო დისტანციის დაცვით (არანაკლებ 2 მ-სა);
  • სამუშაოების შესრულებისას გამოიყენეთ სრულად ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელსაც გაწვდით დამსაქმებელი;
  • სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებთ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას;
  • საკვების მიღებამდე და მიღების შემდეგ, საპირფარეშოში შესვლის და გამოსვლის შემდეგ საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით. დაბანის შემდგომ კარგად გაიმშრალეთ ხელები;
  • გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას;
  • დაიცავით უსაფრთხო დისტანცია (არანაკლებ 2 მ-სა);
  • დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში;
  • მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას.

თაია არდოტელი
სრული ინფორმაცია იმ შეზღუდვებზე, რაც დღეიდან მოიხსნა
3 რეგულაცია, რომელიც დღეიდან მსუბუქდება
ყველა დეტალი იმ შეზღუდვებზე, რაც ხვალიდან მოიხსნება