გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, 2019 წელს ძალადობის და კონფლიქტების შედეგად 46 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა, მათ შორის კი 19 მილიონი ბავშვია. ორგანიზაციამ ანგარიში სახელწოდებით „შინ დაკარგულები“ გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა ყველაზე დიდი რაოდენობა ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ცენტრალურ აფრიკაში ფიქსირდება.
ანგარიშის თანახმად, რეკორდულია ასევე გარდაცვლილთა რაოდენობაც. მათივე თქმით, „მიმდინარე კორონავირუსის პანდემია დევნილთა ცხოვრებას კიდევ უფრო დიდ პრობლემებს შეუქმნის“, რადგან ეს ადამიანები გადატვირთულ ბანაკებში ცხოვრობენ, „სადაც ჰიგიენური და ჯანდაცვის სერვისები ძალიან შეზღუდულია და ფიზიკური დისტანცირება შეუძლებელია“.