საქართველოდან ღვინის ექსპორტი შემცირდა - ქვეყნები, სადაც ქართული სასმელი გადის

2020 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 9,6%-ით შემცირდა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, წელს პირველ კვარტალში ქვეყნიდან 44,261 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 48,976 მლნ დოლარის ღირებულების.

შემცირებული მოცულობა ყველა ძირითად იმპორტიორ ქვეყანაში თანაბრად ნაწილდება, შესაბამისად, მკვეთრი კლება არცერთგან არ დაფიქსირებულა. ტრადიციულად, ექსპოტირებული ქართული ღვინის ყველაზე დიდი წილი, წელსაც რუსეთზე მოდის - 59,5%.

„ბიზნესპრენიუსი“ გთავაზობთ Top-10 ქვეყანას, სადაც 2020 წლის 3 თვეში ქართული ღვინო ყველაზე დიდი მოცულობით გავიდა: (წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური)

  • რუსეთი - 26,356 მლნ დოლარი
  • უკრაინა - 5,094 მლნ დოლარი
  • პოლონეთი - 2,994 მლნ დოლარი
  • ჩინეთი - 2,058 მლნ დოლარი
  • ყაზახეთი - 1,225 მლნ დოლარი
  • ლატვია - 937,8 ათასი დოლარი
  • გერმანია - 795,7 ათასი დოლარი
  • ამერიკა - 691,9 ათასი დოლარი
  • ბელარუსი - 685,9 ათასი დოლარი
  • ლიეტუვა - 463,8 ათასი დოლარი

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ათეულში იყო ესტონეთი, შარშან სამ თვეში ბალტიისპირეთის ამ ქვეყანაში 449,4 ათასი დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა. წელს კი ათეულში ის ბალტიისპირეთის მეორე ქვეყანამ - ლიეტუვამ ჩაანაცვლა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლიტუვაში 2020 წლის პირველ კვარტალში 463 ათასი დოლარის ღირებულების ღვინის ექსპორტი განხორციელდა.