პირადი დაცვის საშუალებების დეფიციტის საშიშროება ქვეყანაში არ ყოფილა და არც დღეს დგას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სამინისტროს შესყიდვების სამსახური ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებს.
„დღესდღეობით საქართველოში პირადი დაცვის საშუალებების საკმარისი რაოდენობაა. გარკვეული პროტოკოლები გვაქვს შემუშავებული, როგორ უნდა მოხდეს მათი ხარჯვა. სასწრაფო გადაუდებელი დახმარების და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პრესონალისთვის გაცემული საშუალებების, ასევე საავადმყოფოებისთვის უსასყიდლოდ გადაცემული აღჭურვილობების ხარჯვის აღწერა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩვენი შესყიდვების სამსახური აგრძელებს მუშაობას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან მოწოდებული გვაქვს ის რაოდენობები, რაც შეიძლება დაგვჭირდეს ინფექციის მართვის სრულ პერიოდზე და რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად შევიძინოთ ეს დაცვის საშუალებები, რათა არ მოხდეს ქვეყანაში მათი დეფიციტი, თუმცა ამის საშიშროება არც ყოფილა და არც დღესდღეობით არ დგას,“- განაცხადა ტიკარაძემ.