ბრიტანულ-ჰოლანდიური ნავთობკომპანია „როიალ დაჩ შელი“ შეერთებულ შტატებში ფიქალის გაზის მომპოვებელ საბადოებს 541 მილიონ დოლარად ყიდის. აპალაჩის საბადოების სრულ პაკეტს, ამერიკული ენერგოკომპანია „ნეიშენალ ფიუელი“ შეისყიდის.
სავარაუდოდ, გარიგება ივლისის ბოლოსთვის დასრულდება. წინასწარი შეთანხმებით, ამერიკულ კომპანიას აქვს უფლება, რომ თანხის ნაწილი, კერძოდ კი 150 მილიონი დოლარი საკუთარი აქციებით გადაიხადოს.
გარიგების შესაბამისად, ახალი მფლობელის ხელში, პენსილვანიის შტატში 450 000 აკრი საიჯარო ფართობი გადავა, რომელზეც 350 მომპოვებელი ჭაბურღილია განლაგებული. ტერიტორია ტიოგას ოლქში, მარსელუსის და უტიკას სექტორებს მოიცავს. ჭაბურღილებთან ერთად, „ნეიშენალ ფიუელის“ ხელში გაზის მოპოვების ადგილობრივი ინფრასტრუქტურაც გადავა. აღნიშნულ ჭაბურღილებზე, ჯამური დღიური მოპოვება 250 მილიონ კუბურ ფუტს აღწევს.
გაზის ამერიკული საბადოების გაყიდვა არის „შელის“ სტრატეგიის ნაწილი, რომელიც უფრო მომგებიან, ადვილად მოპოვებადი ნავთობის მოპოვებაზე გადასვლას ითვალისწინებს.
„შელის“ მოპოვების შტოს დირექტორი ვაელ სავანი ამბობს, რომ აპალაჩის საბადოების გაყიდვის მიუხედავად, ფიქალის გაზის მოპოვება „შელის“ პროგრამაში კვლავაც დარჩება.
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული, ნავთობის ფასის მკვეთრი კლების გამო, „შელმა“ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, დივიდენდების შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. პირველ კვარტალში კომპანიის მოგება თითქმის განახევრდა. ამის გამო, ყოველ აქციაზე დივიდენდი 47-დან 16 ცენტამდე შეიკვეცა.
პირველ კვარტალში კომპანიის ნავთობის და გაზის საშუალო დღიურმა მოპოვებამ, 2.7 მილიონი ბარელი ნავთობის ექვივალენტი შეადგინა. ამასთან, „შელი“ მეორე კვარტალში მოპოვებას 1.75-2.25 მილიონ ბარელამდე შეამცირებს.
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს პროგნოზით, კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს ნავთობზე მოთხოვნა 6 პროცენტით დაიკლებს. ეს კი ნვთობის ბაზარზე დაკვირვების დაწყების დროიდან, ყველაზე მკვეთრი კლებაა.