თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში სამშენებლო სექტორმა სამუშაოები განაახლა

დღეიდან ყველა სახის სამშენებლო სამუშაოები, სამშენებლო მასალების წარმოება და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა განახლდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, აჭარაში განახლდა როგორც სახელმწიფო პროექტები, ასევე საინვესტიციო ინფრასტრუქტურული პროექტები.

მათივე ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად ბათუმში მიმდინარე პროექტები მოინახულა. თორნიკე რიჟვაძე ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. ამ ეტაპზე საძირკვლის მოწყობა დასრულებულია და მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

„შემსუბუქების ღონისძიებების ფარგლებში დღეიდან ბათუმში მოიხსნა გადაადგილების შეზღუდვები და რაც ეკონომიკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დღეიდან უკვე ამუშავდა სამშენებლო ობიექტები. „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა ძალიან აქტიურად განახლდა. პრაქტიკულად დასრულებულია საძირკვლის სამუშაოები. მიმდინარეობს შემდეგი ეტაპები. დარწმუნებული ვართ, რომ გრაფიკში არ იქნება არანაირი ჩამორჩენა. შესაბამისად, როგორც მოსახლეობას, ასევე აქ მაცხოვრებლებს და მათ შვილებს დავპირდით, ეს პროექტი დასრულდება დათქმულ ვადებში და ყველანი ერთად ავაშენებთ ოცნების ქალაქს“ , - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერთან ერთად ქალაქში მიმდინარე კერძო საინვესტიციო პროექტის „ალიანს ფრივილიჯის“ მშენებლობის პროცესიც მოინახულა.

„მნიშვნელოვანია, რომ კერძო კომპანიების მხრიდან დაცული იქნას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტები და რეკომენდაციები. აღსანიშნავია, რომ აჭარაში ოპერირებადი დეველოპერული კომპანიები გამოთქვამენ მზაობას დაიცვან ყველა არსებული რეკომენდაცია და პროექტები დადგენილ ვადებში დაასრულონ“ , -ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 5 მაისიდან ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნა სამშენებლო სამუშაოებზე, სამშენებლო მასალების წარმოებასა და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.