საქართველოს ბიზნესასოციაცია მათ მიერ ინიცირებულ თხევადი აირის დაბეგვრის ცვლილებასთან დაკავშირებით ,,საქართველოს თხევადი გაზის ასოციაციის“ განცხადებას ეხმაურება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ძალისხმევა თხევადი გაზის ბაზრის მოწესრიგებისა დაკონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებისკენაა მიმართული.
„გვსურს მოკლედ გამოვეხმაუროთ საინფორმაციო სივრცეში 4 მაისს, ,,საქართველოს თხევადი გაზის ასოციაციის“ განცხადებას, ჩვენს მიერ ინიცირებულ თხევადი აირის (LPG) დაბეგვრის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით. სამწუხაროა, როდესაც “თხევადი გაზის ასოციაცია” ამგვარი „არგუმენტებით“ ცდილობს თხევადი გაზის იმპორტთან და დაბეგვრის წესთან, უაქციზო კოდის გამოყენებით ნავთობპროდუქტის აქციზის გადახდის გარეშე განბაჟებასთან და სხვა მანკიერი პრაქტიკის არსებობასთან დაკავშირებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას: 1) თხევადი გაზის აქციზით დაბეგვრად სასაქონლო კოდებზე, მხოლოდ ორივე ეტაპის დაბეგვრისას არის აქციზი 300 ლარი, რაც 2019 წლის მაგალითზე შემდეგნაირად გამოიყურება: ქვეყანაში იმპორტირებულია 28 109 ტონა, რომელიც სრულად დაიბეგრა 120 ლარიანი აქციზით; ხოლო მეორე ეტაპის აქციზით - ანუ 180 ლარით, აღნიშნული იმპორტიდან დაიბეგრა მხოლოდ 6 582 ტონა; ანუ დანარჩენი 21 527 ტონა დაიბეგრა მხოლოდ 120 ლარით. შესაბამისად, ფორმულირება 300 ლარიან აქციზთან დაკავშირებით - არასწორია; 2) უაქციზო კოდზე იგივე, 2019 წელს, იმპორტირებულია 12 617 ტონა. სახელმწიფო ბიუჯეტში, ნავთობპროდუქტის იმპორტირების შედეგად, შევიდა ნული ლარი, ხოლო მომხმარებლებს აღნიშნული პროდუქტიც მიეწოდათ როგორც თხევადი გაზი - რეალიზაციისას ყოველგვარი განსხვავების გარეშე; რაც შეეხება დანარჩენს: დარწმუნებული ვართ, საზოგადოება კარგად აცნობიერებს, რომ ,,საქართველოს თხევადი გაზის ასოციაციის“ განცხადებაში ჩამოთვლილ არცერთ კომპანიას არ აქვს თხევადი გაზისა თუ სხვა ბაზარზე შესვლისა თუ ადგილის დამკვიდრების პრობლემა. უფრო მეტიც, ზოგიერთი მათგანი ფლობს კიდევაც შესაბამის ინფრასტრუქტურას. პრობლება გახლავთ ამ სფეროში არსებული არაკონკურენტული და რბილად რომ ვთქვათ არაგამჭვირვალე გარემო. ბიზნესის წარმოებისას უაღრესად მნიშვნელოვანია იხელმძღვანელო ეთიკის უმაღლესი სტანდარტით, იყო პირნათელი სახელმწიფო ბიუჯეტთან, შექმნა ინფასტრუქტურა თანამედროვე სისტემებითა და ტექნიკური უსაფრთხოების პირობების სრული დაცვით და სხვა. დიახ, ვადასტურებთ, რომ სამწუხაროდ, თხევადი გაზის დაბეგვრის არსებული მოდელი იძლევა მანიპულირების საშუალებას, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს დაკარგულ სოლიდურ თანხებად უჯდება. დიახ, ვადასტურებთ ჩვენი წევრების სურვილს - არ მიიღონ მონაწილეობა მანიპულაციებში. ასევე ვადასტურებთ, რომ ქვეყანაში თანამედროვე ინფასტრუქტურის შექმნის პარალელურად ჩვენთვის მიუღებელია ნავთობპროდუქტების სარეალიზაციო კონტეინერული ტიპის წერტილების არსებობა, რაც თვისობრივად შორეულ 90-ებში გვაბრუნებს. ასევე ვადასტურებთ თხევადი გაზის ხარისხის სტანდარტის დანერგვის აუცილებლობას, რათა მომხმარებელიც და ქვეყნის ეკოლოგიური უსაფრთხოებაც დაცული იყოს უხარისხო პროდუქციის რეალიზაციაში მოხვედრისაგან. ჩვენი საბაზისო პოზიციაა, რომ არა არაკონკურენტულმა გარემომ და „საკანონმდებლო/საგადასახადო ხვრელებმა“, არამედ სამართლიანმა და კონკურენტულმა გარემომ უნდა შექმნას ნებისმიერი ბიზნესის განვითარებისთვის ჯანსაღი ფუნდამენტი. ხაზგასმით გვინდა ავღნიშნოთ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ძალისხმევა მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ თხევადი გაზის ბაზრის მოწესრიგების, ტექნიკური, შრომის უსაფრთხოების პირობებისა და ხარისხის სტანდარტის დანერგვის, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების, ამ სფეროს შემდგომი განვითარებისა და სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნისაკენ”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.