ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვისთვის შემუშავებული პროგრამის განსახორციელებლად სახელმწიფომ 89 მილიონ 900 ათასი ლარი გამოყო. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის №290 დადგენილებაშია აღნიშნული, რომელიც 2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებას შეეხება.
დადგენილების თანახმად, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულ თითოეულ ბენეფიციარზე დღიურად 100 ლარი დაიხარჯება. რაც შეეხება covid19-ის დიაგნოსტიკას, შესაბამისი ბიოლოგიური მასალის აღება-ტრანსპორტირებისთვის გამოყოფილია არაუმეტეს 10 ლარისა, ხოლო ტესტირება ანაზღაურდება პჯრ მეთოდის გამოყენების შემთხვევაში - არაუმეტეს 150 ლარით, სწრაფი ტესტების გამოყენების შემთხვევაში - არაუმეტეს 20 ლარით.
უფრო კონკრეტულად, დადგენილების მიხედვით, საკარანტინე სივრცეების სასტუმრო მომსახურებას/სამედიცინო მეთვალყურეობა ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით, მაგრამ არაუმეტეს თითოეულ ბენეფიციარზე დღიური 100 ლარისა (გარდა შპს „აბასთუმნის ფილტვის ცენტრისა“, რომლის მიერ გაწეული მომსახურება ანაზღაურდება „რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში)
საკარანტინე სივრცეების სამედიცინო პერსონალითა და პირველადი სამედიცინო დანიშნულების საგნებით/მედიკამენტებით უზრუნველყოფა, კარანტინის კოორდინატორის მომსახურება, სამედიცინო პერსონალის ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით.
შესაბამისი ბიოლოგიური მასალის აღება (საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის/ლაბორატორიის მიერ გადაცემული სახარჯი მასალის გამოყენებით), შენახვა და ტრანსპორტირება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით, არაუმეტეს 10 ლარისა, სახარჯი მასალის ღირებულების გათვალისწინებით, ხოლო სახარჯი მასალის ღირებულების გარეშე − არაუმეტეს 5 ლარისა.
COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარება პჯრ მეთოდით, საჭიროების შემთხვევაში, ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით, ტესტსისტემების ღირებულების გათვალისწინებით, არაუმეტეს 150 ლარისა, ხოლო ტესტსისტემების ღირებულების გარეშე − არაუმეტეს 50 ლარისა;
COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარება სწრაფი/მარტივი მეთოდით, ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯით, ტესტსისტემების ღირებულების გათვალისწინებით არაუმეტეს 20 ლარისა, ხოლო ტესტსისტემების ღირებულების გარეშე − არაუმეტეს 3 ლარისა
სტაციონარული მკურნალობა COVID-19-ის როგორც დადასტურებული, ასევე დაუდასტურებელი შემთხვევის დროს ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით.
იმ კლინიკებს, რომელთაც 80-მდე საწოლი აქვს, სახელმწიფო თითო საწოლ დღეზე გადაუხდის იმდენჯერ 100 ლარს, რამდენი საწოლიც აქვს (მაგალითად, 80 საწოლის მქონე კლინიკას სახელმწიფო ყოველ საწოლ დღეზე გადაუხდის 8 000 ლარს). რაც შეეხება იმ კლინიკებს, რომელთაც 80-ზე მეტი საწოლი აქვს, მათ სახელმწიფო თითო საწოლ დღეზე გადაუხდის იმდენჯერ 120 ლარს, რამდენი საწოლიც აქვს.