ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ, რეკომენდებული იქნება მგზავრმა პირბადე გამოიყენოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ, რეკომენდებული იქნება, მგზავრმა პირბადე გამოიყენოს. ამის შესახებ ზახაშვილმა „პალიტრანიუსის“ კითხვის საპასუხოდ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ზახაშვილმა აღნიშნა, ნიღბის გამოყენება დაავადების რისკს შეამცირებს.

„დღესდღეობით პირბადის და ნიღბის ხმარება განიხილება, როგორც კარგი პრევენციის საშუალება და ალბათ ერთადერთიც საზოგადოებრივი თავშეყრისას ან ისეთ სივრცეებში მოხვედრისას, სადაც ბევრი ადამიანის ერთდროული ყოფნა გამო წვეულია ამა თუ იმ ფაქტორით ერთ სივრცეში, როგორიც არის: მაღაზიები, აფთიაქები და ა.შ. ყველგან რეკომენდებულია ნიღბის ხმარება და ნიღაბი უნდა გამოიყენოს ყველამ მიუხედავად იმისა, ის რამდენად ჯანმრთელად გრძნობს თავს. დღეისთვის აღიარებულია ასე, რომ თუ დაავადებული ადამიანი გამოიყენებს ნიღაბს, ის დაახლოებით 50-70%-მდე შეამცირებს რისკს, რომ გადასდოს თავისი დაავადება ჯანმრთელ ადამიანს და ეს შეეხება არა მარტო კორონავირუსს, სხვა რესპირაციულ ვირუსებსაც. იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელი ადამიანი გამოიყენებს ნიღაბს, ის გარკვეულწილად შეიმცირებს რისკს, რომ მის ლორწოვან გარსებზე ცხვირსა და პირზე მოხვდეს ვირუსი. ხოლო თუ ორივე გამოიყენებს, ეს რისკი იქნება მინიმალურად შემცირებული. შესაბამისად, რეკომენდებულია დღესდღეობით, რომ ყველამ დახურულ სივრცეში გამოიყენოს ნიღაბი განსაკუთრებით ახლო ურთიერთობების დროს, ეს გულისხმობს 1 მეტრზე ახლო ურთიერთობას, საუბარს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ დაავადების გავრცელება შენარჩუნდა მომდევნო პერიოდზე მაშინაც კი, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, რეკომენდებული უნდა დარჩეს მგზავრების მიერ სატრანსპორტო სივრცეში ნიღბის გამოყენება, რაც შეამცირებს დაავადების გავრცელების რისკს“, - განაცხადა ზახაშვილმა.

ასევე ზახაშვილმა განმარტა, რომ საზოგადოებამ ჩვეულებრივი ნიღაბიც შეიძლება გამოიყენოს, მათ შორის საკუთარი ხელით დამზადებული და ქსოვილის რამდენიმე ფენისგან შეკერილი.

„როგორიც მოგეხასიათებათ, მოგეწონებათ და როგორიც თქვენი ჩაცმა- დახურვის სტილს შეეფერება, ისეთი გამოიყენეთ, მთავარია იყოს რამდენიმეფენიანი, მთავარია მასში სუნთქვა იყოს შესაძლებელი და შეძლებისდაგვარად სრულად ფარავდეს ცხვირს და პირს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ხმარების წესებს. მაინც ვაწყდებით, როდესაც ადამიანები არასწორად იყენებენ ამ ნიღაბს. საუბრის დროს ნიღბის ჩამოწევა აბსოლუტურად არასწორია. ამ დროს მეტი შანსია გამოვაფრქვიოთ თუ ჩვენს ლორწოვან გარსებზე არსებობს ვირუსი. შესაბამისად, გახსოვდეთ, რომ ნიღაბი სახეზე უნდა მოითავსოთ სუფთა ხელებით. არ უნდა იყოს ნიღაბი სახიდან ჩამოკიდებული და არ უნდა არსებობდეს მისი ცხვირიდან ჩამოცურების რისკი. ნიღაბზე ხელით შეხება გარედან არის აბსოლუტურად დაუშვებელი. ნიღაბი უნდა გამოიცვალოთ 2-3 საათში ერთხელ, ან როცა დაინესტება. მრავალჯერადი ნიღბები უნდა გაირეცხოს, გაუთავდეს და შემდეგ გამოიყენოთ. ერთჯერადი ნიღბები კი გამოყენების შემდეგ უსაფრთხოდ გადააგდთ“, - განაცხადა ზახაშვილმა.

ასევე, ზახაშვილმა განმარტა, რომ მცირე ასაკის ბავშვებისთვის ნიღბის ტარდება რეკომენდებული არ არის და აუცილებელია მათი ფიზიკური და სოციალური დისტანცირება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით კი, „საზოგადოებას პირბადეებთან ერთად თანაცხოვრობა კარგა ხანს მოუწევს“.