"კორონავირუსთან დაკავშირებით სტომატოლოგებს რისკი უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე სალონების პერსონალს, თუმცა სტომატოლოგები არიან ექიმები და კარგად იციან, როგორ დაიცვან წესები"

დღესდღეობით კორონავირუსის წინაშე კაცობრიობა შეიძლება ითქვას, შიშველი აღმოჩნდა, როდესაც ჩვენ ფიზიკური დისტანცირების, ჰიგიენური ნორმების დაცვის და პირბადის გამოყენების გარდა, პროფილაქტიკისთვის რეალურად არაფერი გაგვაჩნია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა. ამით ზახაშვილმა უპასუხა „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, სილამაზის სალონებისა და სტომატოლოგიური კლინიკების გახსნის შემდეგ, ჰიგიენური ნორმების დაცვის გარდა, რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს როგორც პერსონალმა, ასევე მომხმარებლებმა.

ხათუნა ზახაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ სილამაზის სალონების პერსონალი და მომხმარებლები ჰიგიენურ ნორმებს უფრო მეტად დაიცავენ. რაც შეეხება სტომატოლოგიურ კლინიკებს, მისი თქმით, სტომატოლოგები უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე სალონების პერსონალი.

„დღესდღეობით კორონავირუსის წინაშე კაცობრიობა შეიძლება ითქვას, შიშველი აღმოჩნდა, როდესაც ჩვენ აი, იმ ცნობილი საშუალებების გარდა, რასაც ჰქვია ფიზიკური დისტანცირება, ჰიგიენური ნორმების დაცვა და პირბადის გამოყენება, რეალურად არაფერი გაგვაჩნია პროფილაქტიკისთვის. რაც ჩამოვთვალეთ იმაში ახალი არაფერია. იმავე წესებს იცავდა კაცობრიობა საუკუნიდან საუკუნემდე და დღესაც გვიწევს ამავე მეთოდებით ვებრძოლოთ ამ დაავადების შემდგომ გავრცელებას.

ამას წინათ ერთ ნაშრომს გადავაწყდი, სადაც განხილული იყო სხვადასხვა სივრცეში აფეთქებების თავისებურებები კოვიდის გავრცელებისას და რაღაცა ჯგუფში ძალიან იოლად გაუვრცელდათ კოვიდინფექცია. თვითონ ავტორები აღნიშნავდნენ, რომ ძალიან ბევრნაირი ასეთი ჯგუფი შეიკრა, თუმცა შედარებით ნაკლებია ასეთი რამ სილამაზის სალონებთან ორიენტირებული, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ ალბათ, ჩვენთანაც უფრო მეტად იქნება დაცული მიმსვლელების და სალონის პერსონალის მხრიდან ჰიგიენური წესები. კარგი მომსახურების სალონებში ჰიგიენური წესები უფრო მეტად არის დაცული და ამისთვის არსებობს მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესები, როგორ უნდა იყოს სალონებში რეჟიმი, როგორ უნდა მოიქცეს მომსახურე პერსონალი იმისთვის, რომ დაცული იყოს მათი და მომხმარებლების უსაფრთხოება.

რაც შეეხება სტომატოლოგიურ კლინიკებს, სტომატოლოგებს რისკი უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე სალონების პერსონალს, თუმცა სტომატოლოგები არიან ექიმები და მათ კარგად იციან, როგორ უნდა დაიცვან წესები. ყველა სტომატოლოგი ცდილობს დაიცვას ინფექციის პრევენციისა და კონტროლის წესები. მათ შემუშავებული აქვთ სპეციალური გაიდლაინები და ვთვლი, რომ საკმაოდ წარმატებული გაიდლაინები აქვთ. ვიმედოვნებ, სტომატოლოგიური კლინიკებიც სათანადოდ იქნებიან აღჭურვილი იმ პერიოდისთვის, როცა შეძლებენ გეგმური მომსახურების მიწოდებას საზოგადოებისთვის და ეს კლინიკები არ გახდება დაავადების გავრცელების წყარო,“ - განაცხადა ზახაშვილმა.