„საბიუჯეტო შემოსავლების ნაწილში არსებული სურათი გაუარესდა - მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა კერძო სექტორი"

პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საბიუჯეტო შემოსავლების ნაწილში არსებული სურათი გაუარესდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ყველაფერმა ამან ნეგატიური გავლენა იქონია ბიზნეს სექტორზე და კერძო სექტორი აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში.

"ყველასთვის ცნობილია, რომ კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ საკმაოდ ნეგატიური გავლენა იქონია ეკონომიკურ მდგომარეობაზე არამხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში. არც ჩვენი დედაქალაქი, თბილისია გამონაკლისი. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე საბიუჯეტო შემოსავლების ნაწილში არსებული სურათი გაუარესდა, სამწუხაროდ. თავის მხრივ, ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, ნეგატიური გავლენა იქონია ბიზნეს სექტორზე და მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა კერძო სექტორი," - განაცხადა კალაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მუნიციპალიტეტი და მთლიანად სახელმწიფო საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გვერდში დაუდგეს ბიზნეს სექტორს და იმ კომპანიებს, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობაში არიან ჩართულები.

"მინდა იცოდნენ მათ, რომ ისინი მარტო არ დარჩებიან ამ რთულ ვითარებაში, როგორც მუნიციპალიტეტის, ისე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა, რომ ერთად გამოვიდეთ ამ რთული მდგომარეობიდან. ჩვენ მოგვიწევს გაათმაგებული და გაასმაგებული შემართებით მუშაობა იმისთვის, რომ მინიმუმ დავბრუნდეთ იმ მდგომარეობაზე, რომელიც პანდემიამდე გვქონდა. ამიტომ მოგვიწევს უფრო მეტი შემართებით, 24 საათიანი თავდაუზოგავი შრომა არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად," - განაცხადა კალაძემ.