კახა კალაძე - 2 თვეა დედაქალაქის მთავრობის სხდომა არ ჩატარებულა, მიუხედავად ამისა, ერთი დღეც არ შეგვიწყვეტია მუშაობა

დედაქალაქის მთავრობის სხდომას რაიონების გამგებლები არ დასწრებიან.

როგორც სხდომის დაწყებისას დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განმარტა, გამგებლები თავიანთ რაიონებში მოსახლეობისთვის პროდუქტების დარიგების პროცესში არიან ჩართული. მისივე თქმით, 2 თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა არ ჩატარებულა, თუმცა მერიას მუშაობა არ შეუწყვეტია.

„კორონავირუსის პანდემიის გამო, დაახლოებით, 2 თვეა დედაქალაქის მთავრობის სხდომა არ ჩატარებულა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ერთი დღეც არ შეგვიწყვეტია მუშაობა და მერიის შესაბამისი სამსახურები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. ვფიქრობ, საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავს. ამ სამუშაოებს გავაგრძელებთ, რადგან ეს ყველაფერი მიმართულია კორონავირუსის პრევენციისთვის. ამ ბრძოლაში თითოეული ჩვენი სამსახურის და თითოეული ჩვენაგნის ჩართულობა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი.

დღევანდელი მთავრობის სხდომა განსხვავებულ ფორმატში წარიმართება, რადგან მას არ ესწრებიან გამგებლები, ისინი ყველა თავიანთ რაიონებში არიან ჩართულები პროდუქტების დარიგების პროცესში და მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ამ პროცესშია ჩართული. ძალიან მნიშვნელოვანია დღეს გვერდით დავუდგეთ ერთმანეთს, იმ ოჯახებს და ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს და სჭირდება ჩვენი თანადგომა“, - განაცხადა კალაძემ.