მიუხედავად იმ რთული მდგომარეობისა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა და მთელი მსოფლიო იმყოფება, დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მერიას მომდევნო თვეების და წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება აქვს დაგეგმილი.
„მიუხედავად იმ რთული მდგომარეობისა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა და მთელი მსოფლიო იმყოფება, დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არა იმ ტემპით და მასშტაბით, როგორც ეს წლის დასაწყისში ხორციელდებოდა. ხაზი მინდა გავუსვა იმ მნიშვნელოვან სამუშაოებს, რომელიც დაცარიელებულ, მაგრამ ლამაზ თბილისში ამ გაზაფხულზე თვალნათლივ გამოჩნდა. ეს არის 2 წლის წინ დაწყებული სამუშაოები, მხედველობაში მაქვს გამწვანების სამუშაოები. ეს არის იმ ადამიანების დამსახურება, რომლებიც „თბილსერვის ჯგუფში“ მუშაობენ და მინდა მათ მადლობა გადავუხადო ამისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ამით გამწვანებითი სამუშაოები დამთავრებულია, პირიქით, უფრო მეტია გასაკეთებელი. ჩვენი პროექტებიც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ განსაკუთრებულად დიდ ყურადღებას ვუთმობთ გამწვანებით სამუშაოებს, რეკრეაციული სივრცეების მოწყობას, არსებულების რეაბილიტაციას. იცით, რომ ორი პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს - კიკვიძის პარკი ფაქტიურად დამთავრებულია და ულამაზესი სივრცე გამოვიდა და ასევე „მზიურის“ პარკი, რომელსაც ინფრატრუქტურის სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ, ძალიან მაგარი სივრცეა ქალაქის ცენტრში, თუმცა ჩვენ ამაზე არ გავჩერდებით და კიდევ ბევრი პროექტი იქნება განხორციელებული მომდევნო თვეების და წლების განმავლობაში“, - განაცხადა კალაძემ.