ქართულმა საწარმომ, რომელიც ცნობილი ბრენდების ტანსაცმელს კერავდა, მუშაობა შეაჩერა - „ყველა მოლოდინის რეჟიმშია“

ქუთაისში მდებარე საწარმომ, რომელიც ცნობილი ბრენდების ტანსაცმელს კერავდა, მუშაობა შეაჩერა.

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას კომპანია MGMTex-ის დირექტორი ელიზბარ ლომინაძე აცხადებს, საწარმოს 1 მილიონი ევროს ღირებულების შეკვეთები გაუუქმდა.

„კორონავირუსის ეპიდემიის გამო ამ დროისთვის მთლიანად გაუქმებულია ზაფხულის კოლექციის შეკვეთები, საუბარია, დაახლოებით ერთი მილიონი ევროს მოცულობის შეკვეთებზე. ჩვენმა დამკვეთებმა საწყობები ყველგან დახურეს, ზოგიერთი ბრენდი გაკოტრდა, რამაც ცხადია, ჩვენზე ნეგატიური გავლენა მოახდინა. ამ დროისთვის ყველა მოლოდინის რეჟიმშია და სექტემბრამდე არც არაფერი იქნება“, - განაცხადა ელიზბარ ლომონაძემ.

მისივე თქმით, არ გაამართლა ქართული პირბადეების წარმოებამაც: „მუშაობა შეუძლებელი იყო, ხარჯები ბევრად გაგვეზარდა, ამიტომ მთლიანად დავხურეთ საწარმო და 320 თანამშრომელი უხელფასო შვებულებაში გავუშვით“.

ცნობისათვის, MGMTex-ის ქუთაისის საწარმო 2018 წლის აპრილში გაიხსნა. კომპანია წარმოადგენს ქართულ-რუმინული ინვესტიციით შექმნილ საწარმოს. MGMTex-ი არის რუმინული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის „Ottorose” შვილობილი კომპანია, რომელიც პროდუქციას მსოფლიოში ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის აწარმოებდა, როგორებიცაა: H&M, Next, Zara, Coast, Colveta, United Collors of Benneton, Tommy Hilfiger, Marks&Spencer და სხვა. ქართულ საწარმოში ტანსაცმელი მთლიანად ევროპის ქვეყნებისთვის მზადდებოდა.

ელზა წიკლაური
რა ვალდებულებების დაცვა მოუწევთ მშენებლებს - დღეიდან მშენებლობები დასაშვები ხდება
სრული ინფორმაცია იმ შეზღუდვებზე, რაც დღეიდან მოიხსნა
3 რეგულაცია, რომელიც დღეიდან მსუბუქდება