2020 წლის 3 თვეში The Walt Disney Company-ის წმინდა მოგება 91%-ით შემცირდა. კომპანიის კვარტალური ანგარიშგების მიხედვით, წმინდა მოგებამ 495 მლნ დოლარი შეადგინა.
ანგარიშგებაში კომპანიას წლის დანარჩენ პერიოდზე პროგნოზი არ გაუკეთებია. ერთადერთი ცნობილია ის, რომ Disney დივიდენდების გაცემას აჩერებს. კორონავირუსის ეპიდემიამ The Walt Disney Company-ს ერთ კვარტალში 1,4 მლრდ დოლარის ოპერაციული მოგება დააკარგვინა.
კორექტირებული მაჩვენებლების მიხედვით, კომპანიის ერთი აქციის ღირებულებამ მხოლოდ 60 ცენტი შეადგინა, რაც 63 ცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ანგარიშგების მიხედვით, დივიდებდების გადახდას 1,6 მლრდ დოლარი დასჭირდებოდა, მაგრამ კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ახლა ეს ფული მათ უფრო სჭირდებათ, ვიდრე აქციონერებს.
როგორც The Washington Post-ი წერს, კომპანია ზარალს ფაქტობრივად, ყველა მიმართულებიდან განიცდის: ფილმების პრემიერები და დაგეგმილი ფესტივალები გადაიდო, დახურულია კომპანიის თემატური პარკები და სასტუმროები. თუ პარკებიდან და სასტუმროებიდან შარშან ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ 1,5 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, წელს ამ მაჩვენებელმა მხოლოდ 639 მლნ დოლარი შეადგინა.
ანალიტიკოსების თქმით, კომპანიამ ეს შემოსავალი მაშინ მიიღო, როდესაც კორონავირუსი ჩინეთის ფარგლებს გარეთ ჯერ არ იყო დაფიქსირებული და სხვაგან პარკები მუშაობდა.
„დღევანდელი მონაცემები არაა მთავარი“, - განაცხადა საინვესტიციო ბანკირმა ლოიდ გრეიმ და დასძინა, რომ „მთავარი მე-3 და მე-4 კვარტალია, როდესაც უკვე დავინახავთ რეალურ პრობლემას“.
ამავე დროს, Disney-ს აღმასრულებლები ცდილობენ დაარწმუნონ ინვესტორები, რომ "ესეც გაივლის".
”მე, რომელიც დიდი ხანია კომპანიაში ვმუშაობ და საკმაოდ რთულ პერიოდში ვმართავდი კომპანიას, ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ ამ რთულ პერიოდს გადავრჩებით და წარმატებით დავიწყებთ მუშაობასაც“, - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ ბობ იგერმა. მისი თქმით, ახლა Disney-ის პროდუქტები უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე მომხმარებლისთვის: მათში ისინი პოულობენ "იმედისა და ოპტიმიზმის მესიჯებს".