„თანამშრომლები 20-25 კილომეტრს გადიან ფეხით იმის გამო, რომ ტრანსპორტი არ არის“ - კომპანია „ცომი“ თვითგადარჩენისთვის მუშაობს

კომპანია „ცომი“ თვითგადარჩენისთვის, მხოლოდ ხარჯების ანაზღაურებაზე მუშაობს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ნიკოლოზ სარაჯევი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, საგანგებო მდგომარების პირობებში პროდუქციაზე მოთხოვნა 50%-ით შემცირდა, ნედლეული და შესაბამისი აღჭურვილობა კი გაძვირდა, რის გამოც, მხოლოდ თანამშრომლების შენახვას და ხარჯის ანაზღაურებას ახერხებს.

ნიკოლოზ სარაჯევის თქმით, იმის გამო, რომ კომპანიას ამ ეტაპზე ტრანსპორტირების რესურსი არ აქვს, თანამშრომლები დღეში 20-25 კილომეტრს ფეხით მხოლოდ იმიტომ გადიან, რომ კომპანიამ მუშაობა არ შეაჩეროს.

ცნობისთვის, კომპანიამ „ცომი“ ხინკლის ცომის წარმოება 2017 წლის აგვისტოში დაიწყო. მისი დამფუძნებელი ნიკოლოზ სარაჯევი თავად მზარეულია. იდეა კი წარმოების დაწყებამდე ერთი წლით ადრე გაუჩნდა. მისი თქმით, მიზანი ხინკლის მოყვარულებისთვის შრომის შემსუბუქება იყო.

ამჟამად კომპანია უკვე 8 დასახელების პროდუქტს ამზადებს და გარდა ხინკლის ცომისა, მომხმარებელს პელმენის, ანტრიების, ბლინების, აჭარული ხაჭაპურის, პიცის, აჩმის და ახლა უკვე ე.წ ვარენიკების ცომსაც სთავაზობს.

„გარკვეული პერიოდი კომპანიის საერთოდ დახურვა მოგვიწია. დაახლოებით, 10 დღე ვერ ვიმუშავეთ. ამ ეტაპზე, ძირითადად, მიტანის სერვისით ვმუშაობთ. მოგეხსნებათ, ჩვენი პროდუქციის მომხმარებლები ძირითადად რესტორნები არიან, რომლებიც დაიკეტა, შესაბამისად, მოთხოვნა დაახლოებით, 50%-ით შეგვიმცირდა. ახლა მხოლოდ მოსახლეობის შეკვეთებზე ვმუშაობთ.

ამ პერიოდის განმავლობაში, შეიქმნა ტრანსპორტირების პრობლემაც. მაგალითად, ერთი თანამშრომელი რუსთავიდან გვყავს, რომელიც ქალაქების ჩაკეტვის გამო, საერთოდ ვერ ჩამოდის. რაც შეეხება დანარჩენ 3 თანამშრომელს, დღის განმავლობაში ჯამში, 20 -25 კილომეტრს გადიან ფეხით, იმის გამო, რომ ტრანსპორტი არ არის, რაც ძალიან სამწუხაროა პირადად ჩემთვის. თუმცა, მათ ტრანსპორტირებას საკუთარ თავზე ვერ ვიღებ, რადგან ხარჯები ძალიან გაგვეზარდა“,- ამბობს ნიკოლოზ სარაჯევი.

მისი თქმით, მიუხედავად ნედლეულისა და აღჭურვილობის გაძვირებისა, კომპანიამ პროდუქციის ფასები არ გაზარდა. როგორც ნიკოლოზ სარაჯევი ამბობს, ეს მათთვის ძალიან მტკივნეული საკითხია, რასაც დიდი სიფრთხილით ეკიდებიან. მომდევნო თვეებში კი, ბრუნვის მიხედვით გადაწყდება, გაძვირდება თუ არა პროდუქცია.

„ფასები გაძვირებულია ყველაფერზე, დაწყებული ხელთათმანიდან, თუ ადრე ერთ შეკვრაში 10 ლარს ვაძლევდით, ახლა 25 ლარი გახდა. პირბადეები, ფქვილი, შეფუთვა, ყველაფერი გაგვიძვირეს და წარმოდგინეთ, ამ პირობებში, კიდევ 50%-ით რომ შემცირდება შეკვეთები. მიუხედავად ამისა, პროდუქცია ნამდვილად არ გაგვიძვირებია. ძალიან დიდი სიფრთხილით ვეკიდებით ამ თემას. რაც ყველაზე მეტად არ გვინდა, ეს არის ფასის მომატება. შემდეგ თვეებში შევხედავთ, როგორი იქნება ბრუნვა და იმის მიხედვით გადავწყვეტთ ფასის კორექტირებას მოვახდენთ თუ არა“,-ამბობს ნიკოლოზ სარაჯევი.

ნინი ქეთელაური
როდიდან დაიწყება ფრენების ეტაპობრივი აღდგენა
როდიდან შეძლებს საქართველო უცხოელი ტურისტების მიღებას
„სამუშაოების მოცულობა 40%-ით შემცირდება“ - როგორ მუშაობს სამშენებლო ბიზნესი ახალ პირობებში