ირანის ხელისუფლება ეროვნულ ვალუტას სახელს შეუცვლის. ამის შესახებ ირანის მეჯლისმა (პარლამენტი) გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
სახელწოდების შეცვლასთან ერთად, მოხდება ვალუტის დენომინაციაც. კერძოდ, 1 თუმანი 10 000 რიალს გაუტოლდება.
ვალუტის ჩანაცვლება ეტაპობრივად განხორციელდება. ვალუტების პარალელური მიმოქცევა 3 წელს გაგრძელდება. ცენტრალური ბანკი ვალდებულია უზრუნველყოს კანონის სრული აღსრულება, გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 2 წლის ვადაში.
თუმანი სპარსეთში 1932 წლამდე გამოიყენებოდა, შემდეგ კი ის რიალმა ჩაანაცვლა, რათა ანგარიშსწორება გამარტივებულიყო. ქვეყანაში არაოფიციალურ ვალუტად თუმანი ყოველთვის არსებობდა. ირანელები თუმანს თანამედროვე რიალის სხვადასხვა ნომინალს უწოდებდნენ, რაც ბანკებში დაბნეულობას იწვევდა. როგორც ოფიციალური თეირანი განმარტავს, ხელისუფლების გადაწყევტილება სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ისახავს მიზნად.