„თურქეთის ავიახაზები“ კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი შიდა და საერთაშორისო ფრენების განახლებას ივნისიდან გეგმავს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ფრენები 19 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც განახლდება.
მართალია, ფრენების განახლების ზუსტი თარიღი კომპანიას ჯერ არ დაუსახელებია, თუმცა “თურქეთის ავიახაზების“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე თბილისი-სტამბოლის რეისისა და ბილეთის ფასის შესახებ მონაცემები უკვე განახლდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, პირველი რეისი თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით 28 მაისს შესრულდება და ეკონომ-კლასში ბილეთის ფასი 166,36 დოლარი იქნება, ბიზნეს-კლასში 537.86 დოლარი.
„თურქეთის ავიახაზების“ ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაციის მიხედვით, ამავე პერიოდში თბილისი- სტამბოლის (საბიჰა გოქჩენის აეროპორტი) მიმართულებით ფრენებს იწყებს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ANADOLUJET-ი, რომელიც ასევე Turkish Airlines-ის სავაჭრო ნიშანია. ბილეთის ფასი კი 72,36 დოლარიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები 2020 წლის 22 მაისამდეა ძალაში.