ციურიხიდან თბილისში ჰუმანიტარული ხასიათის ავიარეისით საქართველოს 37 მოქალაქე დაბრუნდება, - აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შვეიცარიის კონფედერაციის მიგრაციის ფედერალური დეპარტამენტის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის და შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს მიერ დაგეგმილი ჰუმანიტარული ხასიათის ავიარეისი ციურიხი-თბილისი დღეს განხორციელდება შვეიცარიული ავიაკომპანია Swiss-ის მიერ.
„აღნიშნული რეისით საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნდება საქართველოს 37 მოქალაქე, რომელთა შორის არიან განსაკუთრებული საჭიროებების, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ონკოლოგიური პაციენტები და არასრულწლოვნები. აღნიშნულმა პირებმა გამოხატეს საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნების სურვილი.
როგორც ცნობილია, 2019 წლის ოქტომბერში შვეიცარიამ საქართველო შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში. გასულ წელსვე ქართული მხარის ინიციატივით, შვეიცარიის მოქალაქეებს მიენიჭათ საქართველოში ID ბარათებით მგზავრობის უფლება.
აღსანიშნავია, რომ შვეიცარიის მიგრაციის სამსახური დააფინანსებს შვეიცარიიდან ორგანიზებული ჩარტერული რეისებით ჩამოყვანილი საქართველოს მოქალაქეების პირველად საჭიროებებს: დაბინავებას და სამედიცინო მომსახურებას",-აღნიშნულია ინფორმაციაში.