კახა კალაძის განცხადებით, კადეტთა კორპუსის რეაბილიტაცია დროებით შეჩერდება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში კადეტთა კორპუსის რეაბილიტაცია დროებით შეჩერდება. ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ დაიწყო მერიამ კადეტთა კორპუსის რეაბილიტაცია კრიზისის დროს, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, კალაძე ამბობს, რომ „ჯერ არც თანხაა გადახდილი და არც ხელშეკრულება გაფორმებული“.

„კადეტთა კორპუსის პროექტი დროებით იქნება შეჩერებული. ბევრ პროექტზე მოგვიწევს უარის თქმა, თუმცა მივყვებით თემას. იმის გათვალისწინებით, თუ საჭირო იქნება, რომ მუნიციპალიტეტს ჩამოეჭრას გარკვეული თანხები, რომ მიმართული იყოს იმ პრიორიტეტებში, რომელიც დღეს გამოიკვეთა, რა თქმა უნდა, ბევრი პროექტი ვერ განხორციელდება. თუმცა, თუ ამის საჭიროება არ დადგება, ჩვენ ყველა იმ პროექტს განვახორციელებთ, რომელიც წლის დასაწყისში იყო გაცხადებული“,- განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, კადეტთა კორპუსი მძიმე მდგომარეობაშია და როდესაც შესაძლებლობა იქნება, მისი განახლების პროექტი განხორციელდება.

„კადეტთა კორპუსი უმძიმეს მდგომარეობაშია, თქვენ იცით, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შენობა-ნაგებობა გვაქვს თბილისში, რომელიც არის უმძიმეს მდგომარეობაში. კადეტთა კორპუსი არის იმ მდგომარეოაში, სადაც ცხოვრება არ შეიძლება და ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია, შესაბამისად, მისი რეაბილიტაცია და განახლება დაგეგმილია, ჩვენ ამაზე წლის დასაწყისში ვისაუბრეთ. ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და როდესაც იქნება იმის საშუალება, რომ პროექტი განხორციელდეს, ეს პროექტი იქნება შესრულებული“,- განაცხადა კალაძემ.