კახა კალაძის განცხადებით, მიკროავტობუსისა და ტაქსის მძღოლებმა 300-ლარიანი დახმარების მისაღებად, განაცხადი 15 მაისიდან უნდა შეავსონ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიკროავტობუსისა და ტაქსის მძღოლებმა 300-ლარიანი დახმარების მისაღებად, განაცხადი 15 მაისიდან უნდა შეავსონ.

„15 მაისიდან უნდა გააკეთონ განაცხადი, რომელიც წარმოდგენილი იქნება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. შექმნილია შესაბამისი კომისია და ძალიან სწრაფად მოხდება შევსებული დოკუმენტაციის გადამოწმება. როგორც ლიცენზიის მქონე A და B კატეგორიის ტაქსის მძღოლები, ისე მიკროავტობუსის მძღოლები მიიღებენ მონაწილეობას პროგრამაში, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან დაწესდა“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის თანახმად, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საზოგადოებას 24 აპრილს წარუდგინა, თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, მათი იდენტიფიცირების შემდეგ, სახელმწიფო ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს გადაუხდის. ამ ღონისძიების ბიუჯეტი დახლოებით 75 000 000 ლარითაა განსაზღვრული.