საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 7 მაისს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, სს „საქართველოს რკინიგზა” შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზის დაცულ სარკინიგზო გადასასვლელზე ფენილის შეკეთების სამუშაოების წარმოებას გეგმავს.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან იუწყებიან, აღნიშნულ სამუშაოთა წარმოებისათვის საჭიროა სავალი ნაწილის დროებითი ჩაკეტვა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროებით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი - სენაკი - ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) და სენაკი-ფოთი (ასაქცევი) - სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) გზებზე გადართვა, რის გამოც ხვალ 10:00 საათიდან 17:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.
„საავტომობილო გზის მონაკვეთზე სამუშაოთა წარმოების და ჩაკეტვის ადგილებზე გამოყოფილი იქნებიან სათანადოდ აღჭურვილი სს „საქართველოს რკინიგზის” შესაბამისი თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაოების წარმოების პერიოდში საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას. ასევე დაგეგმილია სარკინიგზო გადასასვლელის საავტომობილო გზის მისასვლელებთან ორივე მხარეს დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოების წარმოება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.