ვინ რამდენი მილიონი გადარიცხა კორონავირუსის ვაქცინის შესაქმნელად

მსოფლიო ლიდერებმა კორონავირუსის ვაქცინის შესაქმნელად მილიარდების მობილიზება მოახდინეს. კერძოდ, კორონავირუსის ვაქცინის შექმნის, დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის 8 მილიარდ დოლარზე, ანუ 6.5 მილიარდ ევროზე მეტი გამოიყო. ევროკავშირის მიერ გამართულ ონლაინ სამიტში დაახლოებით 40-მა ქვეყანამ და დონორმა მიიღო მონაწილეობა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა თქვა, რომ თანხა უპრეცედენტო გლობალური თანამშრომლობის წამოწყებას ემსახურება. მისი თქმით, ამ ყველაფერმა გამოააშკარავა ერთიანობისა და ჰუმანურობის ნამდვილი მნიშვნელობა, თუმცა მომავალში ბევრად მეტის გაკეთება იქნება საჭირო. საერთო ჯამში, დონაცია 30-ზე მეტმა ქვეყანამ განახორციელა, გაეროსთან, საქველმოქმედო ორგანიზაციებთან და კვლევით ინსტიტუტებთან ერთად.

ევროკომისიის პრეზიდენტის ინფორმაციით, რომელმაც ევროკომისიის ინიციატივაზე პარასკევს ისაუბრა, დონორებს შორის იყო მადონაც. პოპ მომღერალმა 1 მილიონი ევრო გადარიცხა. ევროკომისიამ ვაქცინის კვლევის დასაფინანსებლად 1 მილიარდი დოლარი გაიღო, ამავე ოდენობის იყო ნორვეგიის მიერ შეტანილი წვლილიც. საფრანგეთი, საუდის არაბეთი და გერმანია ინიციატივაში 500 მილიონი ევროთი ჩაერთნენ, იაპონიამ კი 800 მილიონ დოლარზე მეტი გამოჰყო.

ჩამოთვლილ ქვეყნებს არ შეუერთდნენ ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი. ევროკავშირის ცნობით, შეგროვებული თანხიდან 4.4 მილიარდი დოლარი ვაქცინის შექმნას, 2 მილიარდი - მკურნალობას, 1.6 მილიარდი კი ტესტების დამზადებას მოხმარდება.

ფონ დერ ლეიენმა სამიტის გახსნისას აღნიშნა, რომ ამ „ნამდვილად გლობალური მცდელობის“ დაფინანსებაში ყველამ უნდა შეიტანოს წვლილი: „მჯერა, ეს დღე კორონავირუსთან ჩვენს ბრძოლაში გარდამტეხი მომენტი იქნება, რადგან დღეს მსოფლიო ერთიანდება. პარტნიორი ბევრია, მიზანი კი - ერთი: ვირუსის დამარცხება“.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, რომელიც კონფერენციის თანამასპინძელი იყო, თქვა, რომ „გამოცდილების გაზიარებაში რაც უფრო ახლოს ვიქნებით ერთმანეთთან, მით უფრო მალე მიაღწევენ მეცნიერები წარმატებას კორონავირუსის ვაქცინის განვითარებაში“.

ჯონსონმა COVID-19-ით დაავადებულთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 3 დღე დაჰყო. მან კონფერენციაზე დაადასტურა, რომ ბრიტანეთმა ვაქცინაციის კვლევებისთვის, ტესტირებისთვის და მკურნალობისთვის 388 მილიონი გირვანქა სტერლინგი გაიღო.

ევროკომისიასთან ერთად, კონფერენციის თანამასპინძლები იყვნენ: გაერთიანებული სამეფო, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, ნორვეგია და საუდის არაბეთი.

ინიციატივას ხელი მოაწერეს იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა.

მსოფლიო ლიდერები, უქმეებზე გამოქვეყნებულ ღია წერილში, აღნიშნავენ, რომ მობილიზებული თანხები „მეცნიერებსა და რეგულატორებს, ინდუსტრიასა და მთავრობებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ფონდებს და ჯანდაცვის პროფესიონალებს შორის უპრეცედენტო გლობალურ კოოპერაციას შეუწყობენ ხელს“.

წერილში წერია: „თუ ჩვენ შევძლებთ ისეთი ვაქცინის შექმნას, რომელიც ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი, მაშინ ეს 21-ე საუკუნის უნიკალური, გლობალური საჯარო სიკეთე იქნება“.

ხელის მომწერებმა, ვირუსის აფეთქებასთან გამკლავების გამო და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიღებული კრიტიკის ფონზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მხარდაჭერა გამოუცხადეს. გაერთიანებული ერების პოზიციის თანახმად, ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნება მხოლოდ ვაქცინასთან ერთად იქნება შესაძლებელი. ვაქცინის დამზადების მცდელობა ათობით კვლევით პროექტს აქვს. ფინანსური მობილიზების შემთხვევაშიც, იმის გასაგებად, თუ რომელ მათგანს მოაქვს შედეგი და რამდენად კარგი, დიდი დრო იქნება საჭირო. ექსპერტების უმრავლესობის აზრით, შესაძლოა, ვაქცინა 2021 წლის შუა პერიოდში იყოს ხელმისაწვდომი, ანუ, ვირუსის გაჩენიდან 12-18 თვეში.

ნახეთ ვიდეო:

„თანამშრომლები 20-25 კილომეტრს გადიან ფეხით იმის გამო, რომ ტრანსპორტი არ არის“ - კომპანია „ცომი“ თვითგადარჩენისთვის მუშაობს
საგანგებო მდგომარეობის შემდეგ ბინების გაყიდვები  37.6%-ით შემცირდა
ქართულმა საწარმომ, რომელიც ცნობილი ბრენდების ტანსაცმელს კერავდა, მუშაობა შეაჩერა - „ყველა მოლოდინის რეჟიმშია“