საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ავიარეისი ამსტერდამიდან განხორციელდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ავიარეისი ამსტერდამიდან განხორციელდება.

მათი ცნობით, მგზავრთა შორის არიან ონკოლოგიური პაციენტები, ფეხმძიმეები, სტუდენტები და მეზღვაურები.

„საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად და ორგანიზებულად დაბრუნების პროცესს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს შესრულდება ჩარტერული რეისი ამსტერდამიდან თბილისის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ კოვიდ-19-ის გავრცელების პირობებში დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ეს არის მესამე ჩარტერული რეისი ნიდერლანდებიდან.

მგზავრთა შორის არიან ონკოლოგიური პაციენტები, ფეხმძიმე ქალბატონები, სტუდენტები და მეზღვაურები. ასევე, ამ რეისით ისარგებლებენ ტრანზიტული მგზავრები ტაილანდიდან, ავსტრალიიდან, სუდანიდან, ინდონეზიიდან, ყატარიდან, ბელგიიდან, გერმანიიდან, პორტუგალიიდან, დანიიდან და საფრანგეთიდან.

ასევე, ამსტერდამიდან 15 მაისს შესრულდება ჩარტერული რეისი ტრანზიტული მგზავრებისათვის, რომლითაც სამშობლოს აშშ-დან დაუბრუნდება 100-მდე თანამემამულე, მათ შორის სტუდენტები, სამხედროები, ხანდაზმული პირები და ტურისტები.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, შესრულდა ფრენები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკიდან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონიდან, ვარშავიდან, მადრიდიდან, პრაღიდან და ა.შ.

6 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 19,215 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა 9,815 მოქალაქე. COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, 9 მაისს დაგეგმილია ფრენის განხორციელება ბერლინი-თბილისის მიმართულებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.