„ჩათვლეთ, ეს არის სარკე, ლარის გაუფასურება და მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარება პირდაპრ თვითღირებულებაზე ისახება“,-ასე ეხმაურება მეფრინველეობის განვითრების ასოციაციის თავმჯდომარე ზურა უჩუმბეგაშვილი რუსეთის მხრიდან ხორბლის და მთლიანად მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვას.
როგორც ის „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მეფრინველეების დიდი ნაწილი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ასეთ ვითარებაში კი, წარმოუდგენელია, რომ ქათმის ხორცი არ გაძვირდეს.
მისი თქმით, პროდუქციის ღირებულება მინიმუმ 10%-ით მოიმატებს.
თუმცა, როგორც ზურა უჩუმბეგაშვილი აღნიშნავს, მარცვეული რამდენითაც ძვირდება, ქათმის პროდუქტს შესაბამისი ფასი რომ დაედოს, მოსახლეობას მისი ყიდვა გაუჭირდება. ამიტომ, ფერმები მოგების შემცირების ხარჯზე ცდილობენ, ნამატი რაც შეიძლება მცირე იყოს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ხორბლის და სხვა მარცვლეული პროდუქტების ექსპორტი ფაქტობრივად, სრულად შეაჩერა. რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული აკრძალვა ძალაში 2020 წლის 1-ელ ივლისამდე იქნება.
მანამდე, 2020 წლის 1-ელ აპრილს რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მარცვლეული კულტურების ექსპორტზე არასატარიფო კვოტა დააწესა, საუბარი იყო 7 მლნ ტონა პროდუქციაზე. როგორც რუსული მედია წერს, ეს კვოტა ქვეყანამ სრულად ამოწურა. ამიტომ სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ექსპორტის აკრძალვაზე.
სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, შემაკავებელი ღონისძიება ხელს შეუწყობს მარცვლეულის ფასების სტაბილიზაციას ქვეყნის შიგნით და მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე ზურა უჩუმბეგაშვილი: „რა თქმა უნდა, ეს ქართულ მეფრინველეობაზე ძალიან ცუდ გავლენას მოახდენს, რადგან რაც არ უნდა ვთქვათ, ტერიტორიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მარცვლეულის შემოტანა ყველაზე იაფი რუსეთიდან გვიჯდება. უკარაინიდან ვაგონით ან გემით უნდა წამოიღო და ტრანსპორტირება ძალიან ძვირი გამოდის. ამიტომ ბუნებრივია, ძალიან გაგვიჭირდება.
რაც შეეხება მარაგებს, როგორც ოჯახებშია, რომ ზოგს პროდუქტის გარკვეული მარაგი აქვს, ზოგს კი არა, ფერმერების შემთხვევაშიც ასეა. არის ფაბრიკები, რომლებსაც 2-3 თვის მარაგი აქვთ, თუმცა ძირითადად ისეთი ობიექტები არიან, რომლებსაც ეს მარაგი არ ჰქონდათ და ამ შეზრუდვამ ძალიან მძიმე ვითარებაში ჩააყენა. ახლა უკვე ცდილობენ, რომ უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოიტანონ მარცვლეული. თუმცა, შეზღუდვამდე გამოცხადებული იყო კვოტები, რომელიც რამდენიმე შემომტანმა იყიდა. შესაბამისად, რუსეთის აკრძალვის მიუხედავად, ისინი მაინც მოახერხებენ პროდუქტის შემოტანას“,- ამბობს ზურა უჩუმბეგაშვილი.
მეფრინველეობის განვითრების ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ მარცვლეულის დეფიციტის პარალელურად, ქათმის პროდუქტის ფასზე ლარის გაუფასურებაც იქონიებს გავლენას. მისი თქმით, ქვეყანა არცერთ საჭირო ნედლეულს არ აწარმოებს. იმპორტდამოკიდებულება კი, სარკის ეფექტს იძლევა.
„ჩათვალეთ, ეს არის სარკე, ლარის გაქცევა და მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარება პირდაპირ თვითღირებულებაზე ისახება. ხორბალი ძალიან გაძვირდა, თუ მანამდე ერთი კილოგრამი 60 თეთრს არ ასცილებია, ახლა თითქმის, 1 ლარამდეა ასული. ამიტომ, წარმოუდგენელია, რომ ფასზე არ აისახოს. ახლა მარცვლეული რამდენითაც ძვირდება, შესაბამისი ფასი რომ დავადოთ პროდუქციას, ხალხს ძალიან გაუჭირდება ყიდვა. ამიტომ, ყველანაირად ვცდილობთ, ჩვენი მოგება შევამციროთ და ბევრით არ გავაძვიროთ. ხორბალის ფასი 35-40%-ით გაიზარდა, სიმინდი უფრო ნაკლებით, ამიტომ გადაწყობაა საჭირო.
თუ ასეთ ვითარებაში მოგვიწია მუშაობის გაგრძელება, ქათმის პროდუქცია მინიმუმ, 10%-ით მაინც გაძვირდება. იმიტომ, რომ ვეღარ ვეწევით ამ ლარსაც. ფერმერების 80% იმპორტზეა დამოკიდებული. პრემიქსიდან დაწყებული, საღებავები, ამინომჟავები, მინერალები, ხორბალი, არაფერს ჩვენ არ ვაწარმოებთ და ძალიან რთულია ფასების დაჭერა“,-ამბობს ზურა უჩუმბეგაშვილი.