BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების 68% აცხადებს, რომ ვირუსის მიერ გამოწვეულმა ეფექტებმა მათ ბიზნესზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციიდან აცნობეს, ეს გავლენა განსაკუთრებით ვაჭრობისა და მომსახურების სექტორებზე აისახა.
მათივე ინფორმაციით, კომპანიებისთვის უპირველეს გამოწვევად ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტა იქცა. გამოკითხულთა უმეტესობას სრულად მოუწია საქმიანობის შეჩერება, ხოლო 38% ნაწილობრივ აგრძელებს საქმიანობას საგანგებო მდგომარეობის პირობებში.
„დაწესებულმა შეზღუდვებმა ყველაზე მეტად მომსახურების და ვაჭრობის სექტორებზე იმოქმედა, სადაც კომპანიათა დაახლოებით 55%-ს სრულად ან ნაწილობრივ მოუწია საქმიანობის შეწყვეტა. ხოლო მრეწველობის სექტორში გამოკითხული ყველა კომპანია საგანგებო მდგომარეობაშიც აგრძელებდა და აგრძელებს მუშაობას, რაც ბიზნესის საერთო შეფასებით, საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილება იყო.
ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციების დასაცავად, BAG-ის წევრი კომპანიები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. იმ კომანიების 47%, რომლებსაც ეკონომიკური აქტივობა არ შეუწყვიტავთ, სრულად გადავიდა მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე, ხოლო 53%-მა აღნიშნული მხოლოდ ნაწილობრივ შეძლო. აღსანიშნავია, რომ დისტანციური მუშაობის ფორმაზე ყველაზე ადვილად მომსახურების სექტორი გადავიდა (კომპანიების 71%). ხოლო მრეწველობის სექტორში გამოკითხულმა ვერც ერთმა კომპანიამ ვერ შეძლო სრულად დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლა, რაც სავარაუდოდ, მათი საქმიანობის ფორმითა და სპეციფიკით უნდა იქნეს ახსნილი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების დიდი უმრავლესობა, მიუხედავად არსებული სირთულეებისა, გაგებით ეკიდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ბიზნესის საქმიანობის დროებითი შეზღუდვის შესახებ და აღნიშნულ მკაცრ მიდგომას ვირუსის გავრცელების შესაკავებელ გონივრულ ღონისძიებად აღიქვამს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ცნობით, კომპანიათა აბსოლუტური უმრავლესობა ასევე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიერ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გატარებული ღონისძიებები დროული, ადეკვატური და ეფექტური იყო.
მათი განმარტებით, COVID-19-ის გავლენის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით BAG-ის წევრთა მოლოდინების შესაფასებლად, კომპანიის წარმომადგენლებმა ასევე უპასუხეს კითხვას, თუ რა პერიოდი დასჭირდება ბიზნესს, რომ დაუბრუნდეს პანდემიამდე არსებულ ძირითად ფინანსურ მაჩვენებლებს, მას შემდეგ რაც ვირუსის გავრცელების ფაზა დასრულდება. კვლევის შედეგების თანახმად:
„გამოკითხულთა მხოლოდ მცირე ნაწილი (7.8%) ფიქრობს, რომ მას შემდეგ, რაც ვირუსის გავრცელების ფაზა დასრულდება, პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს 3 თვეზე ნაკლებ პერიოდში დაუბრუნდება.
მხოლოდ 5.9% ფიქრობს, რომ მას შემდეგ, რაც ვირუსის გავრცელების ფაზა დასრულდება, პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებს 18 თვეზე მეტ პერიოდში დაუბრუნდება.
გამოკითხულთა 39.2%-ის აზრით, პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებზე დაბრუნებას 7-12 თვე დასჭირდება. აქ გამონაკლისს წარმოადგენს მრეწველობის სექტორი, რომლის წარმომადგენელი კომპანიების აზრითაც მათი კომპანიების ძირითადი ფინანსური მაჩვენებლები წინაკრიზისულ ანალოგიურ მონაცემებს 4-6 თვეში დაუბრუნდებიან. ამ სექტორის ოპტიმიზმი სავარაუდოდ ეფუძნება იმ გაცხადებულ ხელშეწყობას, რაც საქართველოს მთავრობამ ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად დააანონსა.
Covid-19-ის ზეგავლენა ბიზნეს გარემოზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსისა და BAG დასაქმების ბარომეტრის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში შეაფასა.
BAG ინდექსის წარმოება საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ 2020 წელს დაიწყო. BAG ინდექსი მოიცავს BAG-ის წევრი ბიზნესების მმართველი მენეჯერების შეფასებას ბიზნეს კლიმატისა და დასაქმების ბარომეტრის შესახებ. საქართველოს ბიზნეს ასოციაციაციის აზრით, BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსი და BAG დასაქმების ბარომეტრი მნიშვნელოვანი, ღირებული და ეფექტური ინსტრუმენტი გახდება როგორც ბიზნეს სუბიექტების, ასევე ხელისუფლებისთვის ბიზნესში არსებული მდგომარეობის გაცნობის, შეფასებისა და ანალიზის შედეგად კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. BAG ინდექსი ყოველკვარტალურად გამოქვეყნდება და იგი საზოგადოებას გააცნობს დროის კონკრეტულ მომენტში ბიზნეს წრეებში არსებულ განწყობებსა და ბიზნესის მოლოდინებს“, - ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციაციის განცხადებაში.