პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 2020 წლისთვის ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან. როგორც მან ტურიზმის ამოქმედების პოსტკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განმარტა, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების საშემოსავლო გადასახადები წლის ბოლომდე გადავადდება.
„2020 წლისთვის ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან და ეს დარგისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. გარდა ამისა, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების საშემოსავლო გადასახადები გადავადდება 9 თვით, წლის ბოლომდე. აქ ვერ დავპირდებით ვერავის საშემოსავლოს სრულ ჩამოწერას, თუმცა გადავადებისა და შემდგომი, ეტაპობრივი გადახდის სქემებზე საუბარი შესაძლებელია.
მოგეხსენებათ, რომ ჩვენ კრიზისის მართვის პირობებში, 50 ნომრამდე სასტუმროებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას დავპირდით და გავაკეთეთ. რამდენიმე ათასმა ბიზნეს ოპერატორმა და კომპანიამ ისარგებლა ამ შეღავათით. დღეს ვაწესებთ ახალ ნორმას - ჩვენ დავასუბსიდირებთ სასტუმროებს, რომელთა ბრუნვა 20 მილიონ ლარამდეა, რაც ასევე დარგის განვითარებისთვის სერიოზული მხარდაჭერა იქნება“,-განაცხადა პრემიერმა.