„თითოეულ ბიზნესოპერატორს და კომპანიას მოვუწოდებ, გახსნის ის შემდგომი ეტაპი, რომელსაც დღეს გამოვაცხადებთ, ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს მათი მხრიდან კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას"

მინდა თითოეულ ბიზნესოპერატორს და კომპანიას მოვუწოდო, გახსნის ის შემდგომი ეტაპი, რომელსაც დღეს გამოვაცხადებთ, ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს მათი მხრიდან კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ოპერირების წესებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, დღეს დაანონსებული ყველა ეკონომიკური აქტივობის გახსნა ითვალისწინებს ბიზნესექტორის მიერ ჯანდაცვის სამინისტროსა და მთავრობის მიერ შემუშავებული წესების სრული პასუხისმგებლობით შესრულებას. როგორც გახარიამ აღნიშნა, შემოსავლების სამსახურმა ბიზნესოპერატორებს დღეს შეტყობინება დაუგზავნა იმის თაობაზე, თუ სად შეძლებენ ისინი ამ წესების შესახებ ინფორმაციის მოძიებას.

„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გარკვეული ნაბიჯები უფრო სწრაფად გადავდგათ. ეს მხოლოდ და მხოლოდ ზრდის თითოეული ჩვენგანის, ბიზნესოპერატორების და პირველ რიგში, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების პასუხისმგებლობას. ჯანდაცვის სექტორის ხარისხიანი მუშაობა მაშინ, როცა ჩვენ ვიწყებთ შეზღუდვების შემსუბუქებას და ეკონომიკის ეტაპობრივ გახსნას, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

იმის მიუხედავად, რომ ვიბრძვით ორ ფრონტზე - ჯანმრთელობის, სიცოცხლის და ეკონომიკის ფრონტებზე - დღეს ეკონომიკა არის პრიორიტეტის ნომერი 1. ეს არის შემოსავალი თითოეული ჩვენი მოქალაქის ოჯახში და აქ ყველანი ვალდებულები ვართ, რომ კიდევ უფრო ეფექტურები ვიყოთ. ამ თვალსაზრისით, მინდა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, რომ დავიცვათ ის ელემენტარული წესები, რომლებიც ვირუსმა ჩვენს ცხოვრებაში შემოიტანა: სოციალური დისტანცია, პირბადე, ჰიგიენის ელემენტარული ნორმები - ამ წესების მკაცრი დაცვა მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო სწრაფად და ეფექტურად გავხსნათ ეკონომიკა და ვიყოთ უფრო კონკურენტუნარიანები გლობალურ კონკურენციაში, რომელიც მოგვიწევს როგორც იმ ბძრძოლაში, რომელიც სულ ახლო პერიოდში დაიწყება ტურიზმისთვის, ისე ეკონომიკის განვითარების თითოეულ სექტორში.

მინდა თითოეულ ბიზნესოპერატორს და კომპანიას მოვუწოდო, გახსნის ის შემდგომი ეტაპი, რომელსაც დღეს გამოვაცხადებთ, ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს მათი მხრიდან კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას ოპერირების წესებთან დაკავშირებით.

დღეს, ჩვენი დავალებით, შემოსავლების სამსახურმა თითოეულ ბიზნესოპერატორს და კომპანიას გაუგზავნა შეტყობინება, სად შეიძლება მოიძიონ მათ ის წესები, რაც შემუშავებულია თითოეული სექტორისთვის, როგორიცაა ვაჭრობა, წარმოება, სხვადასხვა სახის მომსახურება. ეს წესები უკვე არსებობს ჯანდაცვის სამინისტროში, ყველა სახის პროტოკოლი უკვე შედგენილია და ყველა იმ ეკონომიკური ატქივობის გახსნა, რომელსაც დღეს დავაანონსებთ, ითვალისწინებს იმ ახალი წესების სრული პასუხისმგებლობით შესრულებას, რომელიც დაწესებულია ჯანდაცვის სამინისტროსა და მთავრობის მიერ,“ - განაცხადა გახარიამ.