ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სახელმწიფო ტურისტულ კომპანიებს საბანკო გარანტიის პროცენტს 6 თვის განმავლობაში დაუსუბსიდირებს.
მისივე თქმით, ტურისტული კომპანიები ასევე ისარგებლებენ ყველა იმ საგადასახადო შეღავათით, რაც შეეხება ტურიზმში მოქმედ სხვა კომპანიებს და ყველა იურიდიული პირს, რომელიც ამ ბიზნესშია.
„ტურისტულ კომპანიებს სპეციფიკური პრობლემა დაუდგათ, რადგან ისინი არიან ჩართულები გლობალური დაჯავშნის სისტემაში, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ სწრაფად და ხარისხიანად მოხდეს საჰაერო ფრენების დაჯავშნა და მოვემსახუროთ როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე მოვიზიდოთ დიდი ნაკადი საერთაშორისო და უცხოელი ტურისტების. ამ გლობალური დაჯავშნის სისტემის ფარგლებში, მათ აქვთ გაფორმებული ხელშეკრულებები, რომელიც ითვალისწინებს საბანკო გარანტიების წარდგენას. საბანკო გარანტიების პროცენტები ამ პერიოდში, როცა ტურისტული ბიზნესი გაჩერებულია, მძიმე ტვირთად ადგება ტურისტულ კომპანიებს და მივიღეთ გადაწყვეტილება, ისევე როგორც ვეხმარებით სასტუმროებს და ვუსუბსიდირებთ საბანკო პროცენტს, აქაც საბანკო გარანტიის პროცენტი, ანალოგიური მექანიზმით 6 თვის განმავლობაში დავუსუბსიდიროთ ტურისტულ კომპანიებსაც," - განაცხადა თურნავამ.
რაც შეეხება გიდებს, მინისტრის თქმით, ეს არის საკმაოდ მრავალრიცხოვანი და სპეციფიკური ჯგუფი ადამიანების, სპეციალისტებისა, მიკრომეწარმეებისა, ვინც ასევე საკმაოდ დიდ პროდუქტს ქმნიდა ტურისტულ ინდუსტრიაში.
„მათთან გვაქვს ძალიან აქტიური კომუნიკაცია და ცალკე სპეციფიკურ პროგრამას ვამუშავებთ, რომელიც პირველ რიგში იქნება იქითკენ მიმართული, რომ მოხდეს მათი იდენტიფიკაცია, რეგისტრაცია, იმიტომ, რომ ეს პრობლემაც დაგვიდგა. ასევე, მოხდეს მათ შორის ხარისხის უფრო მაღალი სტანდარტების დანერგვაც. ეს გიდებიდან წარმოსული მოთხოვნაა, რომელსაც ხელს შევუწყობთ. ჩვენ დავეხმარებით და ხელს შევუწყობთ გიდების დასაქმების პროგრამას. ეს დასაქმების პროგრამა შესთავაზებს მათ გარკვეულ ალტერნატიულ შესაძლებლობებს იმ პერიოდში, რა პერიოდშიც ჩვენი ტურისტული ინდუსტრია იქნება განვითარების და ძველი ნიშნულის აღდგენის პროცესში. ჩვენ მათ მივცემთ შესაძლებლობას, რომ ჰქონდეთ უფასო ვიზიტები მუზეუმებში, დაცულ ტერიტორიებზე და სხვადასხვა ობიექტებში,"- განაცხადა თურნავამ.