ეკონომიკის მინისტრი ტურიზმის ინდუსტრიის გახსნის სამ ეტაპს ასახელებს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა, პირველ ეტაპზე ინდუსტრიის მომზადება მოხდება, მეორე ეტაპზე 15 ივნისიდან, ადგილობრივი ტურიზმი აღდგება. მესამე ეტაპზე კი, საერთაშორისო ტურისტების მიღება მოხდება.
„ჩვენ გაგვაჩნია კონკრეტული გეგმა, რომლითაც მოვემზადებით გახსნისთვის. პირველ ეტაპზე ესაა რასაკვირველია, ტურისტული ინდუსტრიის დახმარება, რომ დავნერგოთ მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაწესებული უსაფრთხო სტანდარტები. იგივე სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე და აეროპორტებში, განთავსების და კვების ობიექტებში, გიდებთან. როგორც კი დამტკიცდება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ახალი გაიდლაინები, მათ დავნერგავთ. მანამდე ჩვენ ლოკალური გაიდლაინებით ვამზადებთ ამ ინდუსტრიას. სატრანსპორტო კომპანიებს შეეხებათ ეს. ასევე ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებთან, რომელთაც უკვე დაიწყეს ერთმანეთში საზღვრების გახსნის პროცესი და ჩვენ ამის თანამონაწილე უნდა გავხდეთ. ასევე ვმუშაობთ ქვეყნებს შორის უსაფრთხო დერეფნების შექმნაზე, ეს იქნება პირველი დერეფნები, რომლის შიგნითაც ტურისტები საქართველოსკენ და საქართველოდან იმოძრავებენ. გვაქვს მოლაპარაკებები ავიაკომპანიებთან იმ მიმართულებებზე, სადაც უახლოეს პერიოდში აღდგება ოპერირება და რა არის ამისთვის გასაკეთებელი. რა თქმა უნდა, ჩვენი მთელი მარკეტინგული სტრატეგია გადაეწყობა ახალი იმიჯის გასამყარებლად, საქართველო როგორც უსაფრთხო დანიშნულების ადგილი.
მეორე ეტაპი, ესაა გახსნა 15 ივნისს ჩვენი ბაზრის შიდა ტურიზმისთვის ამ დროისთვის უკვე გვექნება დამუშავებული უსაფრთხო ტურისტული ზონების კონცეფცია და საპილოტე ზონები. 15 ივნისიდან ადგილობრივი მოსახლეობა უკვე შეძლებს ესტუმროს სასტუმროებს. მესამე ეტაპია - პირველი ივლისი, როდესაც მზად ვიქნებით, რომ მივიღოთ საერთაშორისო ტურისტები, სახმელეთო და საჰაერო საზღვრების გახსნა დაემთხვევა ამ მომენტს. ეს ყველაფერი მოხდება პირველ რიგში ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის პრიორიტეტის დაცვით და ამ ეტაპისთვის ფრენების ეტაპობრივი აღდგენა მოხდება“, - განაცხადა თურნავამ.