ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერა“ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ ინფორმაცია, რომ „ფრონტერა“ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჯაროებაზე უარს ამბობს, სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც „ფრონტერას“ გენერალურმა დირექტორმა, ზაზა მამულაიშვილმა განაცხადა, კომპანია საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას თავადვე მოუწოდებს, რომ ერთობლივი ტექსტი მოამზადონ არბიტრაჟის გადაწყვეტილების შესახებ და გაასაჯაროონ, რაზეც უარს იღებს. მისივე განმარტებით, თავად არბიტრაჟის გადაწყვეტილების ამსახველი დოკუმენტის გასაჯაროება კომპანიის ინტერესებს დააზიანებს და მიზანშეწონილი არაა.
„საჯაროდაც მივმართეთ, რამდენიმეჯერ წერილობითაც, თუმცა საჯარო ერთობლივი განცხადების გავრცელების თაობაზე უარს გვეუბნებიან. თავად დოკუმენტი 152 გვერდიანია და მასში უამრავი კომერციული, კონფიდენციალური და პირადი ინფორმაციაა, მისი გასაჯაროება მოკლე პერიოდში და უამრავ ადამიანთან შეუთანხმებლად პრაქტიკულად შეუძლებელია. ასევე, არცაა ამის გაკეთება სასურველი, რამდენადაც არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, ნავთობის და გაზის კორპორაციას არც გასაჩივრების და არც ჩივილის უფლება აღარ აქვს, ჩვენ კი ასეთი უფლება დაგვიტოვა და შეგვიძლია სარჩელი შევიტანოთ ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, ვინაიდან მათი არაკანონიერი ქმედებებით დიდი ზიანი მოგვადგა 2013 წლიდან მოყოლებული. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ გავაკეთოთ ერთიანი განცხადება არბიტრაჟის გადაწყვეტილების თაობაზე, რაც ძალიან მარტივია და სპეკულაციისთვის ადგილს არ ტოვებს“,-აღნიშნავს კომპანიის დირექტორი.
მისივე თქმით, „ფრონტერა“ განიხილავს სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
„დაახლოებით 10 თვის წინ ჩვენ შეტანილი გვქონდა სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ, მაგრამ უკან გამოვიტანეთ. ეს კეთილი ნება იყო ჩვენი მხრიდან, ვფიქრობდით, რომ სახელმწიფო ძალადობას შეწყვეტდა და ცივილიზებული ფორმით გავაგრძელებდით მუშაობას, მაგრამ ხელისუფლებამ ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღო “,-აცხადებს კომპანიის დირექტორი.
რაც შეეხება ნავთობისა და გაზის კორპორაციის განცხადებას, რომ საარბიტრაჟო ტრიბუნალმა ცალსახად დაადგინა „ფრონტერას“ მხრიდან კონტრაქტის არსებითი დარღვევის ფაქტი, რამაც სახელმწიფოს კონტრაქტის შეწყვეტის უფლება მიანიჭა, “ფრონტერას“ დირექტორის განმარტებით, ეს დამახინჯებული ინტერპრეტაციაა და ნავთობისა და გაზის კორპორაციას ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება არ აქვს.
„ არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, ჩვენ შევინარჩუნეთ 100% იმ საბადოების, საიდანაც ნავთობის და გაზის მოპოვება მიმდინარეობს. თუ სახელმწიფო მოგვთხოვს დანარჩენი ტერიტორიების დაბრუნებას, სადაც სამუშაოების არ მიდის, და ჩვენ ამას 90 დღის განმავლობაში არ დავუბრუნებთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვთ მათ ხელშეკრულების შეჩერების უფლება. ჩვენ საჯაროდაც ვთქვით და მივწერეთ კიდეც, რომ იმ ტერიტორიებს სადაც მოპოვება არ ხდება, ვუბრუნებთ. თუმცა ამ მუხლს შეგნებულად, არასრულად ავრცელებენ და დამახინჯებულად აწვდიან საზოგადოებას. მათ ხელშეკრულების შეწყვეტის არანაირი უფლება არ აქვთ“,- აღნიშნა ზაზა მამულაიშვილმა.
მისივე განცხადებით, კომპანიას საკითხის პოლიტიზირების არანაირი სურვილი არ აქვს, თუმცა ის ფაქტი, რომ წლებია საქართველოში ძალადობა მიმდინარეობს უმსხვილეს ამერიკელ ინვესტორზე, სხვადასხვა წრეებში და მათ შორის კონგრესში, შესაბამის რეაქციას იწვევს.
ცნობისთვის, ამერიკული ნავთობმომპოვებელ კომპანია „ფრონტერა“ საქართველოში 1997 წლის შემდეგ დედოფლისწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში მუშაობს. მიმდინარე წლის 29 აპრილს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გაავრცელა საჯარო განცხადება "ფრონტერასთან" დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, რომლის თანახმადაც მთელ საკონტრაქტო ფართობთან მიმართებაში, კონტრაქტი მიმდინარე წლის 27 ივლისს ავტომატურად შეწყდება.
ამასთან, ნავთობისა და გაზის კორპორაციამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, "ფრონტერას" წინააღმდეგ აღძრულ დავასთან დაკავშირებით, საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილების გამოტანისა და სააგენტოს მიერ მითითებულ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების გაგზავნის შემდეგ, "ფრონტერას" მხრიდან გახშირდა საარბიტრაჟო განხილვის შედეგების დამახინჯებისაკენ მიმართული საჯარო განცხადებები.
„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის განცხადებით, „ფრონტერა“ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჯაროვებაზე უარს ამბობს და არასწორი ინფორმაციის გავრცელებას განაგრძობს”,-აღნიშნულია განცხადებაში.