სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციებით, დღეიდან ნავთლუღის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცალო ვაჭრობის აგრარულ ბაზარში (შპს. ნავთლუღი) სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოდან იუწყებიან.
მათივე ინფორმაციით, პროცესს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები უწევენ ზედამხედველობას.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, სავაჭრო ობიექტში ძველი დახლების დემონტაჟი და ტერიტორიის დასუფთავება მიმდინარეობს.
„იმისათვის, რომ ბაზარმა უმოკლეს ვადაში დააკმაყოფილოს უსაფრთხოების დადგენილი მოთხოვნები და აღადგინოს ფუნქციონირება, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები აქტიურად თანამშრომლობენ ბაზრის ადმინისტრაციასთან და შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ. სააგენტოს ჩართულობით ჩატარებული მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, გლდანის აგრარულმა საცალო ბაზარმა დღეიდან მუშაობა განაახლა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.