საკმაოდ წარმატებული პოლიტიკას ვახორციელებდით ავიასფეროში და ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ, უბრალოდ ახალ რეალობას მოვარგებთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ისინი დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ადგენენ სიას თუ ვის აქვს მეტი ტურისტის მოზიდვის პერსპექტივა ქვეყანაში და პირველ რიგში, ვინ მოემსახურება მომხმარებლებს.
„ჩვენ ძალიან კონკრეტული გეგმა გვაქვს იმისთვის, რომ მზად ვიყოთ და 15 ივნისს გავხსნათ ჩვენი ტურისტული სექტორი ადგილობრივი ტურიზმისთვის, ხოლო პირველი ივლისისთვის გავხსნათ უკვე ტურისტული ინდუსტრია უცხოელი ტურისტებისთვის. რასაკვირველია, ეს ტურისტები ქვეყანაში უნდა შემოვიდნენ, როგორც სახმელეთო გზებით, ისე საჰაერო გზებით. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდამდე ეს დრო გამოვიყენოთ იმისთვის, რომ დავასრულოთ მოლაპარაკებები იმ დაბალბიუჯეტიან კომპანიებთან, ვინც ჩვენთან დაფრინავდა აქამდე და შემდგომშიც გააგრძელებს ფრენას. ასევე არამარტო მათთან. ჩვენ ძალიან აქტიურ კომუნიკაციაში ვართ „ვიზეართან“. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის დავინახოთ, რომ „ვიზეარი“ შეასრულებს ყველა იმ უსაფრთხოების სტანდარტს, რაც ამ დღეებში დაწესებული იქნება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხრიდან. ასევე უკვე არის გამოქვეყნებული აიატას სტანდარტები, რაც ეხება ავიაციას და პრინციპში იქ არც არაფერია ისეთი, რაც შეიძლება ავიაკომპანიებმა არ შეასრულონ. პარალელურად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი აეროპორტები მზად იყოს და ყველა გაიდლაინი იყოს დაცული. კონკრეტული გეგმა მაისის განმავლობაში იქნება. ასევე ვმუშაობთ იმ მიმართულებების მოკლე სიაზე, თუ რომელი ავიაკომპანიები იქნება მზად და მოემსახურება, პირველ რიგში, მომხმარებლებს და რომელსაც პერსპექტივა აქვს, რომ მეტი ტურისტი მოიზიდოს. ასევე ვმუშაობთ ქვეყნებთან დიპლომატიური არხების მეშვეობით, რომ შევქმნათ უსაფრთხო დერეფნები. ჩვენ აქამდეც, ბოლო წლებია, საკმაოდ წარმატებული პოლიტიკას ვახორციელებდით ავიასფეროში და ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ, უბრალოდ, მოვარგებთ ახალ რეალობას“,-განაცხადა ნათია თურნავამ.